ბათუმისა და ნიკოლაევის პორტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნეს ფორუმის „ნიკოლაევი-ბათუმი 2016“ ფარგლებში აჭარის მთავრობის დელეგაციამ ბათუმის პორტსა და ნიკოლაევის პორტს „ნიკა-ტერას“ შორის სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

"თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება ტვირთნაკადების პოპულარიზაცია იქნება. ეს შეხვედრა მხოლოდ დასაწყისია. მხარეები ორ პორტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს სწავლობენ. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაიზარდოს. ამ მიმართულებით ყველა ქვეყანას საკუთარი სპეციფიური გამოცდილება გააჩნია და მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. ბათუმის პორტის ხელმძღვანელობამ უკვე მიგვიწვია სტუმრად“, - განაცხადა „ნიკა-ტერას“ წარმომადგენელმა ალექსანდრ გაიდუმ.

"ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობას ამყარებს, არამედ ახალი ბიზნეს-კონტაქტების შეძენას უწყობს ხელს კონკრეტულ რეგიონებსა და ბიზნესმენებს შორის. „ნიკა-ტერა“ ძალიან საინტერესო კომპანიაა. ის თანამედროვე ტერმინალს წარმოადგენს,“ - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციამ არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით საზღვაო ტერმინალი „ნიკა-ტერა“ მოინახულა და მუშაობის სპეციფიკას დეტალურად გაეცნო, ასევე მოინახულა რეგიონის უდიდესი საინვესტიციო პროექტები.

"ნიკა-ტერა“ საკმაოდ წარმატებული და სწრაფი ტემპით განვითარებადი ტერმინალია. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი პროგრესული კომპანიაა. კერძო პორტი უკეთ მუშაობს, უკეთ იმართება და ინფრასტრუქტურაც უკეთ არის განვითარებული, ბიზნეს-პროცესები გამარტივებულია. კერძო პორტი ასევე მეტადაა ორიენტირებული კლიენტზე. ვფიქრობ, რომ უკრაინაში სახელმწიფო პორტების პრივატიზება ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან „ნიკა-ტერას“ მსგავსი კომპანიები მზად არის მოიზიდოს გრძელვადიანი რესურსები, განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები და პროგრამები“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.

"ქვეყანაში პორტის ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე მეტად მაქსიმალური კონკურენციაა საჭირო და სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩართულობა. ასე განვითარდა სინგაპურისა და როტერდამის პორტები. ბათუმის პორტი ძალიან წარმატებულად იზიდავს ახალ კლიენტებს“, - განაცხადა ალექსანდრ გაიდუმ.

„ნიკა-ტერა“Group DF-ის შვილობილი კომპანიაა.