ფოთის ნავსადგურში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა

2016 წლის 28 აპრილს მსოფლიო მასშტაბით, „ეიპიემ ტერმინალსის“ მიერ გლობალური უსაფრთხოების დღე აღინიშნება, რომლის მიზანია უსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ამაღლება და შესაძლო რისკების მინიმუმამდე შემცირება.

როგორც APM Terminals-ში აცხადებენ, წელს გლობალური უსაფრთხოების დღის თემაა „თქვენი და ჩემი უსაფრთხოება,“ აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის ნავსადგურში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის: კონტეინერმზიდი მანქანების ტექნიკური გამართულობის შემოწმება და რეკომენდაციების გაცემა მძღოლებისათვის, უსაფრთხოების აღჭურვილობის გამოფენა და უფასო სამედიცინო შემოწმება.

ასევე, საგზაო უსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და ფოთში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები მოიხატა.

„ფოთის ნავსადგური მუდმივად უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების გატარებას სამუშაო ადგილზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს რისკის დონე. დღევანდელი დღის მიზანია საკუთარ თავს შევახსენოთ პირადი, ასევე ჩვენი კოლეგების უსაფრთხოება და ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს APM Terminals-ის გენერალური დირექტორი კლაუს ლაურსენი.