სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოში 642,2 ათასი მეურნეობაა

სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოში 642,2 ათასი მეურნეობაა. აქედან 640.0 ათასი შინამეურნეობა, 2,2 ათასი კი იურიდიული პირია.

სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების პრეზენტაცია დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა.

საქართველოს 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა საქსტატმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ რეკომენდებული 2006-2015 წლების მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შესაბამისად ჩაატარა. სასოფლო-სამეურნეო აღწერა ორ ეტაპად ჩატარდა - შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აღწერა მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად 2014 წლის ნოემბერში გაიმართა, იურიდიული პირების სასოფლო-სამეურნეო აღწერა კი 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

შედეგები მოიცავს ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო მიწის, ხეხილის ბაღის, ვენახის, ციტრუსის პლანტაციის, პირუტყვის, ფრინველის შესახებ.

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია ტენდენცია, რომ ქვეყანაში არსებული მეურნეობების უდიდესი ნაწილი მცირემიწიანია.