თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა „კრწანისში“ ხეები დარგეს

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ხეები, ეროვნული სასწავლო ცენტრის დაარსების მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა - დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დარგეს.

„მნიშვნელოვანია, რომ აქ იყოს კარგი გარემო, არა მხოლოდ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, არამედ, უამრავი უცხოელისთვის, რომელიც სასწავლო ცენტრში ჩამოდის. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მწვანე გარემოს და ახალი წესით აღვნიშნავთ ჩვენი დაწესებულებების იუბილეს. გამწვანების აქცია მომავალშიც გაგრძელდება. ამ სიმბოლური აქციით გვინდა ვთქვათ, რომ ეს არის დაწესებულება, რომელსაც აქვს წარსული, მაგრამ, ამავე დროს, აქვს ბრწყინვალე მომავალი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორია ეტაპობრივად გამწვანდება.