ინტერნეტ რეკლამა vs. სატელევიზიო რეკლამა

„თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში, ესე იგი, თქვენ არ ხართ ბიზნესში“, - ბილ გეიტსი.

რეკლამის ტრადიციულ სახეობებთან ერთად, თანამედროვე ეპოქაში გლობალური ქსელის სწრაფი ტემპებით განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო ეფექტური ხდება რეკლამა ინტერნეტში.

ინტერნეტის განვითარებას მოჰყვა მოსაზრება, რომ დროთა განმავლობაში სატელევიზიო რეკლამა ნაკლებად რენტაბელური იქნებოდა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ონლაინ იქნებოდა ხელმისაწვდომი და შესაბამისად, რეკლამაც ონლაინ უფრო მეტ მიმზიდველობას შეიძენდა.

ამ თემაზე კამათი დღემდე არ ცხრება და რეკლამისდამკვეთები სულ უფრო ხშირად სვამენ შეკითხვას - სად უფრო ეფექტურია რეკლამა: ტელევიზიით თუ ინტერნეტში?

თუ ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ ინტერნეტ რეკლამა სატელევიზიო რეკლამის ნომერ პირველი კონკურენტი გახდებოდა, დღეს ეს ფაქტი რეალობაა.

ZenithOptimedia-ს ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, 2017 წელს ინტერნეტრეკლამამ შესაძლოა, პირველად გადაუსწროს სატელევიზიო რეკლამას ბიუჯეტით. კომპანიის წინა კვლევის მიხედვით, ინტერნეტრეკლამა სატელევიზიო რეკლამას 2018 წელს გადაუსწრებდა, თუმცა ახალი პროგნოზის თანახმად, 2016 წელს ინტერნეტრეკლამის ზრდა 4,6%-ს მიაღწევს.

„2007 წლიდან მოყოლებული 2015 წლის ჩათვლით, ინტერნეტ რეკლამის წილი ბაზარზე 9,3%-დან 29,0%-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია ZenithOptimedia-ს კვლევაში.

არავინ დავობს, რომ სატელევიზიო რეკლამა ერთ-ერთი ეფექტური და ძვირად ღირებული მეთოდია რეკლამისთვის და რეკლამისდამკვეთთა შორის კვლავ მოთხოვნადია. თუმცა, სარეკლამო ბაზარზე გლობალური კრიზისის ფონზე ამ სარეკლამო არხის დინამიკა შედარებით იკლებს, უახლოეს მდევარ - ინტერნეტ რეკლამასთან სხვაობა კი სულ უფრო მცირდება.

ინტერნეტრეკლამის განვითარება სწორედ 2008-2009 წლების გლობალურ კრიზისს უკავშირდება. ფინანსური კრიზისის პირობებში, 2009 წელს რეკლამისდამკვეთებმა თავიანთი პროდუქტის რეკლამირებისთვის შედარებით დაბალფასიანი ალტერნატივის ძებნა დაიწყეს და არჩევანი ინტერნეტრეკლამაზე შეაჩერეს.

„ინტერნეტრეკლამა თანამედროვეობის წამყვანი ტრენდი ხდება. როგორც წესი, როდესაც მსოფლიოში რაიმე ტენდენცია შეინიშნება, საქართველოშიც გვიან, მაგრამ იმავე ტემპით ვითარდება. რა თქმა უნდა, პერიოდი განსხვავებულია, მაგრამ ტრენდი ტრენდად რჩება. შესაბამისად, როდესაც წინა წლებს ვუყურებდით, სულ იყო იმაზე საუბარი, რომ სატელევიზიო რეკლამა შემცირდებოდა და ინტერნეტ მიმართულებით სარეკლამო დანახარჯები კი გაიზრდებოდა. თავიდან მარკეტოლოგები ამას ნაკლები ოპტიმიზმით უყურებდნენ, თუმცა ახლა ცალსახად შეინიშნება ტენდენცია, რომ სატელევიზიო რეკლამა აღარ არის დამაკმაყოფილი მომხმარებლისთვის და შესაბამის შედეგებსაც არ იძლევა. ინტერნეტ რეკლამაში იმავე ბიუჯეტს დახარჯვის შემთხვევაში კი მიღებული ეფექტი გაცილებით უფრო დიდია. ნაწილობრივ, ტელევიზიამ რადიოს ფუნქცია „შეითავსა“ - მუდმივად ჩართულია და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას ფონად გასდევს“, - აღნიშნავს სარეკლამო კომპანია „ედვერთლაინის“ წარმომადგენელი თეა თაბაგარი.

კვლევების თანახმად, ინტერნეტის შემთხვევაში, რეკლამისდამკვეთს ხელი მიუწვდება უფრო ზუსტ სტატისტიკაზე, ასე მაგალითად, კონკრეტულად როდის და რამდენმა ადამიანმა ნახა მისი რეკლამა.

„ედვერთლაინის“ წარმომადგენლის განცხადებით, ინტერნეტ რეკლამის პოპულარობა მეტწილად ადამიანების ტელევიზორებისადმი დამოკიდებულებამაც განაპირობა. თეა თაბაგარის თქმით, პირველ რიგში, ეს თანამედროვე ადამიანის ელექტრონული მოწყობილობებისადმი მიჯაჭვულობამ გამოიწვია.

„ ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ყველაზე დიდ დროს ვატარებთ ჩვენს ელექტრონულ მოწყობილობებთან და ნაკლებად ტელევიზორებთან. დღეს კომპიუტერებისა და გაჯეტების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენილია. შესაბამისად, სარეკლამო ბაზარიც ამ მიმართულებით ვითარდება. ამიტომ ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ სატელევიზიო რეკლამის ეფექტურობაც ნელ-ნელა მცირდება. ამას ემატება სხვადასხვა საშუალებებით რეკლამის გადახვევის ფუნქციაც. ამ ფონზე ცალსახად იზრდება ინტერნეტ რეკლამებიდან მიღებული შედეგები და რაღა თქმა უნდა, შემოსავლებიც“, - აღნიშნავს თეა თაბაგარი.

ამას მოწმობს ZenithOptimedia-ს ბოლო კვლევაც, რომლის თანახმად, ჩართული ტელევიზორის დროს მაყურებელთა 22,3% - კომპიუტერში სხვადასხვა ვებგვერდებს ათვალიერებს, 18,1% ელექტონულ მიმოწერას აწარმოებს, 7,6% - რადიოს უსმენს, 6,0% - თამაშებს თამაშობს, 7,0% - ჟურნალებს კითხულობს, 16,8% - მობილურზე საუბრობს, 21,9% - მობილურით მესიჯობს, 19,6% - მობილური ტელეფონით ეცნობა ვებგვერდებს, 7,5% კი კომპიუტერში ვიდეოებს უყურებს.