შორენა ბუხრაშვილი - 29 ჰა მიწის ფართობთან დაკავშირებით ვაჭრობა ჯერ არ დასრულებულა

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, 29 ჰექტარ მიწის ფართობთან დაკავშირებით ვაჭრობა ჯერ არ დასრულებულა. როგორც ჟურნალისტებს ბუხრაშვილმა განუცხადა, სტატუსი, რომელიც ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ადევს, ”არის სარეკრეაციო ზონა 2” და ”სარეკრეაციო ზონა 2”-ში სასტუმროს მშენებლობა ვერ განხორციელდება.

”რაც შეეხება აღნიშნულ 29 ჰექტარ მიწის ფართობს, ჯერ არ დასრულებულა ვაჭრობა. სტატუსი, რომელიც ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ადევს, ეს არის ”სარეკრეაციო ზონა 2”. ვერანაირად, ”სარეკრეაციო ზონა 2”-ში სასტუმროს მშენებლობა ვერ განხორციელდება. სპეციალური ზონალური შეთანხმებაც კი თუ გაიცემა აღნიშნულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად გვთავაზობს ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება აშენდეს ”სარეკრეაციო ზონა 2”-ში და ამ ჩამონათვალში ჩვენ სასტუმროს ვერ ვხედავთ”, - განაცხადა ბუხრაშვილმა.

რაც შეეხება კრწანისი-შინდისის გზას, ბუხრაშვილის ინფორმაციით, ქალაქგეგმარებისას ჩაითვალა, რომ აღნიშნული გზის ¼-ის გადატანა იქნებოდა უფრო ხელსაყრელი იმ სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვის კუთხით, რომელიც არის თბილისის ტერიტორიაზე.

”რაც შეეხება ხეების მოჭრის ნებართვებს, მას გასცემს მერიის შესაბამისი სამსახური იმ მიზანშეწონილებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება განსახორციელებელ პროექტს”, - განაცხადა ბუხრაშვილმა.