თამარ ჩიბურდანიძე - დაცარიელებული სოფლების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

დაცარიელებული სოფლების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა, - ასე გამოეხმაურა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე საქსტატის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მოსახლეობის აღწერის შესახებ.

”აღწერის შედეგების გამოქვეყნებამდე ჩვენი ფონდის დემოგრაფებს არაერთხელ განუცხადებიათ ამ ციფრების შესახებ. მათი გათვლები ზუსტად დაემთხვა დღევანდელ შედეგებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ შედეგებში მოსახლეობის გადანაწილება ქალაქებსა და სოფლებში. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი, დაახლოებით სამჯერ მეტი, სოფლებს უკავია. აღწერის შედგებით კი, ორჯერ მეტი მოსახლეობა ქალაქად ცხოვრობს, ვიდრე სოფლებში, მაშინ, როდესაც გასულ წლებში პირიქით იყო. საგრძნობლად არის გაზრდილი მოსახლეობის როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაცია. 2002 წლის საყოველთაო აღწრის შედეგად, 162 სოფელი გაუკაცრიელებული, ანუ დახურული იყო. დღევანდელი აღწერის შედეგებით კი დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 162-დან 233-მდე გაიზარდა. გაზრდილია ასევე იმ სოფლების რაოდენობაც, სადაც 3-10 კაცამდე ცხოვრობს. დღეს, ამ შედეგების ფონზე, საქართველოს მოსახლეობა ალბათ კიდევ უფრო აფასებს სახელმწიფოს მიდგომას მთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ვიმედოვნებთ, ახლად ამუშავებული „მთის კანონი“ რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას მთიან სოფლებში. შეწყდება არა მხოლოდ სოფლების დაცარიელება, არამედ, დაიწყება უკუმიგრაცია. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს რეგიონალური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, რადგან მოსახლეობისგან დაცლილია არა მხოლოდ მთის სოფლები, არამედ, ბარიც”, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

მისივე თქმით, აღწერის შედეგებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ემიგრანტების რაოდენობაც.

”ძირითადად, ქვეყნიდან გაედინება ახალგაზრდობა და შრომისუნარიანი მოქალაქეები. მიგრაცია დღეს ყველაზე მსხვილი დემოგრაფიული პრობლემაა და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხედვები ამ მიმართულებითაც. ზოგადად, 2014 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში კიდევ უფრო მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა, ვიდრე ამას ვარაუდობდა გაერო-ს მოსახლეობის ფონდი 2010 წელს. მათი კვლევების მიხედვით, 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 28%-ით მცირდება. თუმცა, ჩვენ უკვე მივიღეთ მოსახლეობის 15%-იანი კლება და თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, ამ დინამიკით 2050 წლისთვის მოსახლეობის კლება 28%-ს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია დღეს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტში მუშავდება. ვიმედოვნებთ, საქართველოში ხელისუფლების მიერ 30 წლის შემდეგ, პირველად გაცხადებული დემოგრაფიული პოლიტიკა თავიდან აგვარიდებს მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.