პურზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება

პურის ტექნიკური რეგლამენტი მზადაა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, იგი მეწარმეებს ავალდებულებს, მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია ნედლეულის შესახებ, თუ რომელი ხარისხის ფქვილით არის პროდუქტი დამზადებული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მომხმარებელთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ კონტროლის მექანიზმი მომხმარებელს უხარისხო პროდუქტისგან დაიცავს. საამისოდ, სახელმწიფოს მკაცრი ღონისძიებების გატარება მოუწევს, რომ პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი არ მოტყუვდეს და მისი უფლება დაცული იყოს.

ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილ პურთან დაკავშირებით კრიტიკა მუდმივად ისმის. ზოგი წონას უჩივის, ზოგი კი იმას, რომ პური მალე ფუჭდება, ზოგი უცნაური გემოსია და ა. შ. ხშირად პური ფუნთუშას უფრო ჰგავს, ამასთან, მალე შრება და თანაც ნამცეცებად იფხვნება. მომხმარებლის ეჭვს, რომ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი პურის დიდი ნაწილი დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება, სპეციალისტებიც ადასტურებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის შედეგი საპირისპიროს აჩვენებს. ოფიციალური უწყება თამამად აცხადებს, რომ სარეალიზაციო პურპროდუქტების კონტროლისას დარღვევები მინიმალურ დონეზეა და მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

რაც შეეხება ტექნიკურ რეგლამენტს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროს კახა სოხაძის ინფორმაციით, მეწარმეებისთვის იგი დამატებით ხარჯთან დაკავშირებული არ იქნება და შესაბამისად, პროდუქციის ფასი არ გაიზრდება. პური მაღალი რისკის პროდუქტი არ არის, თუმცა ფართო მოხმარების გამო, მის მიმართ დიდი ინტერესია.

"სამომხმარებლო ბაზარზე პურის ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კონტროლს ამ ეტაპზეც ვახორციელებთ როგორც გამოცხობის, ასევე მისი რეალიზაციის სხვადასხვა ეტაპზე. მიმდინარეობს როგორც საწარმოების ინსპექტირება, ასევე დოკუმენტური შემოწმება სარეალიზაციო ქსელსა და წარმოების ადგილებში. ვახდენთ ასევე პურის ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევას.

უვნებლობის მაჩვენებლებზე პურის ლაბორატორიული შემოწმება რამდენიმე წელია, რაც ხორციელდება (ძირითადად, ტოქსიკურ ნივთიერებებზეა საუბარი) და შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით დარღვევა არ გამოვლენილა. რაც შეეხება ხარისხობრივ მახასიათებლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოების სრული ციკლის დაცვა. სტანდარტი მოითხოვს, რომ გამოცხობის შემდეგ მოხდეს გაგრილება და დაყოვნება, რომელიც პურის სხვადასხვა სახეობისთვის სხვადასხვა დროს მოიცავს, ზოგჯერ რამდენიმე საათსაც. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი შეფუთვა და დისტრიბუციაში მოხვედრა, თუმცა, შეფუთვა მეწარმის სურვილზეა დამოკიდებული, რეგლამენტი ასეთ ვალდებულებას არ ითვალისწინებს", - აცხადებს სოხაძე.

რაც შეეხება კონტროლის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ დარღვევას, სოხაძის ინფორმაციით, ასეთი ფაქტი იშვიათია და პურპროდუქტების მოხმარება მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

"პური, თავისი არსით, დაბალი რისკის პოდუქტია, მაგრამ მუდმივი კონტროლის ქვეშაა იმის გამო, რომ ფართოდ მოხმარებადია. წარმოების პოცესში დიდი საფრთხე არ ჩანს, თუმცა გარკვეული ტიპის დარღვევები შეინიშნება, განსაკუთრებით - ეტიკეტირებასთან დაკავშირებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურპროდუქტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. თამამად შეიძლება თქმა, რომ მისი მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია პურპროდუქტებთან დაკავშირებით, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს", - განმარტავს კახა სოხაძე.

პურის ხარისხთან დაკავშირებით უკანასკნელი კვლევა შარშან არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკმა" ჩაატარა. პურის ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და უსაფრთხოების პარამეტრების დადგენის მიზნით, ორგანიზაციამ რამდენიმე სახეობის პური შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ შემოწმებული ნიმუშების დიდი ნაწილი არ პასუხობდა იმ სპეციალურ მოთხოვნებს, რაც პურთან მიმართებაში არსებობს.

"ეტიკის" კვლევა, რომელიც პურის ხარისხსა და წონას ეხებოდა, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან შენგელია ამბობს, რომ მომავალში სახელმწიფოს მკაცრი კონტროლი მოუწევს, რადგან სარეალიზაციო პურის დიდი ნაწილი სტანდარტის პირობას ვერ აკმაყოფილებს. როგორც შენგელია აცხადებს, მკაცრი სანქციის პირობებში მეწარმე იძულებული გახდება, ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნოს და მომხმარებელს უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტი მიაწოდოს, რისი გარანტიც, შესაძლოა, რეგლამენტი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას, ამირან შენგელიას შეფასებით, საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან პრობლემა არის აბსოლუტურად ყველა რეგიონში.

"ყველაზე მეტად წონის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტირება ხდება, მითითებულ წონასა და რეალურს შორის სხვაობა ხშირად 20-100 გრამის ფარგლებშია. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მომხმარებლის უმეტესობამ არ იცის, რა წონის პურს ყიდულობს.

შეუფუთავ პურს ეტიკეტი არ აქვს და შემცველობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მყიდველი ვერც გამყიდველისგან იღებს. სავაჭრო ობიექტებში პურის წონითა და ხარისხით დაინტერესებულ ადამიანებს პასუხობენ, რომ ეს ქარხნების კომპეტენციაა, თუმცა, სინამდვილეში, ისინიც არიან ვალდებულნი, გასაყიდი პოდუქტის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას ფლობდნენ და მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანონ", - აცხადებს შენგელია და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია ის პრინციპიც, რითაც სავაჭრო ობიექტები პურის ფასის განსაზღვრისას მოქმედებენ.

"დახლებზე წარმოდგენილი პურის უმეტესობას არ აწერია ვარგისიანობა, ეტიკეტზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა არის 73 საათი, მაგრამ გამოშვების თარიღი არ აქვს და მყიდველმა საიდან უნდა დაიწყოს ათვლა? ფასზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ერთი და იმავე დასახელების პური სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განსხვავებულ ფასში იყიდება. ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპია და ვერ შევეწინააღმდეგებით, უბრალოდ, გაუგებარია, ფასის დადგენისას რა მეთოდით მოქმედებენ მაღაზიები.

როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, პურის შეფუთვის მხრივაც პრობლემაა. მწარმოებლები ხშირად პურის გაცივებას არ ელოდებიან და ისე ფუთავენ, ეს კი მალევე მის დაობებას იწვევს. სამწუხაროდ, არც ამ მხრივ არსებობს რამე რეგულაცია. მაღაზიებში პურის შენახვის პირობებიც დარღვეულია. კარგია, რომ ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდება და მეწარმეებს მომხმარებლის მოტყუების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა ამისთვის სააგენტოს მკაცრი კონტროლის განხორციელება მოუწევს.

კანონში პირდაპირ წერია დეკლარირებული სტანდარტი, შესაბამისად, მეწარმემ დოკუმენტაციაში უნდა მიუთითოს, რომ პურს ამ სტანდარტით აცხობს, შემმოწმებლებმაც ამ სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ. ცხადია, როცა იქნება კონტროლი, მეწარმე ამ პირობას ადვილად ვერ დაარღვევს და მომხმარებელიც უფრო დაცული იქნება", - აცხადებს ამირან შენგელია.

პურის სტანდარტს "პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" არეგულირებს. სპეციალისტების ინფორმაციით, არსებობს სახელმწიფო სტანდარტი - "პური ხორბლის ფქვილისა", რომლითაც მეწარმემ უნდა იხელმძღვანელოს და საწარმოოს მიერ დაწესებული სტანდარტიც აუცილებლად მას უნდა შეესაბამებოდეს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"