სამეგრელო-ზემო სვანეთში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი აშენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ახალი, ევროპული სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელი აშენდება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის-რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, წინასწარი პროექტი მხარის გუბერნატორსა და ადგილობრივ მთავრობას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა წარუდგინა.

ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი ნაგავსაყრელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში აშენდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილის განცხადებით, პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან, ნაგავსაყრელი ეკოლოგიურად დაცული იქნება და მის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტს დროულს უწოდებს და აცხადებს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობის და ოპერირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. გუბერნატორისვე განმარტებით, ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოეწყობა გამწვანების ზოლი.

”პროექტის განხორციელების შემდეგ, რეგიონში არსებული ნაგავსაყრელი პოლიგონები დაიხურება და მხოლოდ ერთი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი იმუშავებს. რეგიონში უკვე დახურულია ხუთი ნაგავსაყრელი, ერთი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად წელს დაიხურება.

ახალ ნაგავსაყრელზე ასევე დაგეგმილია გაზის შემკრების სისტემის მოწყობა, რომელსაც მოსახლეობა სათბურებისთვის გამოიყენებს. ნაგავსაყრელზე მოეწყობა წყლის შეგროვებისა და გაფილტვრის სისტემა, ე.წ. რევერსული ორმოები”, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.