მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს, სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს

მეცნიერებათა აკადემიას, შესაძლოა, აკადემიის სტიპენდიანტების არჩევისა და მათთვის 1000-ლარიანი ყოველთვიური ანაზღაურების დანიშვნის უფლებამოსილება მიეცეს.

”საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ მოამზადა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 5-წლიანი სამეცნიერო სტიპენდიების დაწესებასა და წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტის, სტიპენდიანტთა ინსტიტუტით ეტაპობრივ ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა 40-ს არ უნდა აღემატებოდეს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონის ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 9 სტიპენდიანტის არჩევა, რადგან აკადემიაში ამჟამად 31 წევრ-კორესპონდენტი ირიცხება.

მოქმედი კანონის მიხედვით, წევრ-კორესპონდენტების არჩევა აღარ ხდება და როგორც ინიციატორი განმარტავს, მომავალში, გამოკლებულ წევრ-კორესპონდენტთა ხარჯზე აკადემიის სტიპენდიანტთა რაოდენობა სათანადოდ გაიზრდება.

აკადემიის სტიპენდიანტად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიის სტიპენდიანტად არჩევის ასაკი 50 წელს არ უნდა აღემატებოდეს, იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და საქმიანობდეს საქართველოში. პროექტის გათვალისწინებით, სტიპენდიანტი 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და იმავე პირის სტიპენდიანტად არჩევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორჯერ. სტიპენდიანტს დაენიშნება ანაზღაურება - თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.

”ნიჭიერი ახალგაზრდობის მეცნიერებაში მოზიდვა, მათი მხარდაჭერის ეფექტური მეთოდების შემუშავება და ქვეყნიდან ”ტვინების გადინების პროცესის“ შეძლებისდაგვარად დამუხრუჭება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა. მეორე მხრივ, აკადემიას, რომელიც აერთიანებს უფროსი თაობის გამოჩენილ მეცნიერებს (აკადემიის წევრთა საშუალო ასაკი 76 წელზე მეტია), წარმატებით ფუნქციონირება მხოლოდ საშუალო და უმცროსი თაობის მეცნიერებთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში შეუძლია. დღეს მოქმედი სამართლებრივი ბაზა აშკარად არასაკმარისია აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად და სწორედ მისი სათანადოდ შევსება არის კანონპროექტის მიღების მთავარი მიზეზი”, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.