ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯგუფი VOLCAN კონცერტს გამართავს

ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 30 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი VOLCAN კონცერტს გამართავს.

როგორც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში აცხადებენ, ღონისძიება საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, ”თიბისი ბანკის” პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ცნობილი ჯგუფი VOLCÁN ცნობილ მუსიკოსებს - Jose Armando Gola, Horacio “El Negro” Hernandez and Gonzalo Rubalcaba აერთიანებს და 5 წელია მრავალფეროვან და მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობას ქმნის, რომელიც ჯგუფის 150-მდე ალბომშია შესული. VOLCAN - ბუნების ოთხ ელემენტს - დედამიწას, ჰაერს, ქარს და ცეცხლს აერთიანებს.

კონცერტში ჯგუფ VOLCAN-თან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. ქართველი სამხედროები, შეასრულებენ ისეთ პოპულარულ ჯაზ ჰიტებს როგორიცაა : IN THE MOOD (JOE GARLAND); BLUE RONDO A LA TURKE (DAVE BRUBECK), CANTALOUPE ISLAND (HERBIE HANCOCK).

”ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც. ჯაზის საერთაშორისო დღის 5 წლისთავი წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნება ამერიკაში. 29 აპრილს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა თეთრ სახლში, მსოფლიო დონის მუსიკოსებს - ჰერბი ჰენკოკს, სტინგს, არეტა ფრანკლინს, დაიანა კროლს, ელ ჯეროს, ჰიუ მასაკლეას, ჩიკ კორეას და სხვა შემსრულებლებს უმასპინძლებენ”, - ნათქვამია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის განცხადებაში.

პირველად ჯაზის საერთაშორისო დღე 2012 წლის 30 აპრილს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მღერიან მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე. გასულ წელს ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებას იაპონიის ქალაქმა ოსაკამ უმასპინძლა.