გიორგი კვირიკაშვილი - საჭიროზე 5-ჯერ მეტი დიპლომატი გვყავს და ეს ხალხი უმუშევრობისთვისაა განწირული

ჩვენ გვყავს საჭიროზე 5-ჯერ მეტი დიპლომატი. ეს ხალხი განწირულია უმუშევრობისა და ფრუსტრაციისთვის.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკაში, ილინოისის უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, უმაღლესი განათლების ფინანსირების კუთხით, ამჟამინდელი სახელმწიფო პრიორიტეტები სრულიად არასწორია.

„ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ დაუსაქმებელ ადამიანებს, ჩვენ ვუშვებთ ადამიანებს, რომელთა პროფესიაც აბსოლუტურად არამოთხოვნადია. ჩვენ გვყავს საჭიროზე 5-ჯერ მეტი დიპლომატი. აქ იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი და მას ზუსტად შეუძლია დაასახელოს მომავალ წელს მის უწყებაში მოსალოდნელი ვაკანტური ადგილების რაოდენობა. ჩვენ ამ რიცხვზე 5-ჯერ მეტ დიპლომატს ვუშვებთ. ეს ხალხი განწირულია უმუშევრობისა და ფრუსტრაციისთვის. მათი ცხოვრება ინგრევა, რადგან მათ სჭირდებათ ცხოვრების თავიდან დაწყება, ახალი პროფესიის შესწავლა, მეტი თანხის დახარჯვა, მეტი ხარჯის გაწევა. სახელმწიფოსაც მეტი ხარჯის გაწევა უწევს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკთან ერთად, საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასებას ახდენს. მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს განსაზღვროს არა მხოლოდ შრომის ბაზარზე არსებული ამჟამინდელი მოთხოვნები, არამედ ეკონომიკასა და შრომის ბაზარზე მოსალოდნელი მომავალი საჭიროებებიც.

„გასულ წელს ჩვენ დავაარსეთ საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. ეს ცენტრი აგზავნის და აფინანსებს ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ, იმ პროფესიების შესაძენად, რომლებიც ყველაზე საჭირო და მოთხოვნადია. მოხარული ვიქნები განვიხილოთ ქართველი სტუდენტების გამოგზავნის შესაძლებლობა ილინოისის უნივერსიტეტში, ურბანა-შამპეინის სასოფლო-სამეურნეო პროგრამების შესასწავლად, რადგან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მეცნიერი, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის სფეროში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.