რომან გოცირიძე - ლარის მკვეთრი ვარდნის გამო ორგანიზმმა ღრმა ჭრილობა მიიღო და შეხორცების პროცესი მიდის

ლარის მკვეთრი ვარდნის გამო ორგანიზმმა ღრმა ჭრილობა მიიღო, შეხორცების პროცესია და სახვევების ნაადრევად მოშორებამ შეიძლება ინფექცია შეგვყაროს , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 7.5%-მდე შემცირება, დროული და სწორი არ იყო.

“ესეც არ იყო დროული, პირველ რიგში, და არც სწორი. ორიოდე თვის წინ, როცა ლარის კურსი 2.39-დან 2.5-მდე დაეცა, ვერავინ იფიქრებდა, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდებოდა უახლოეს მომავალში. უფრო პირიქით. აგერ უკვე სულ სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაიმე შეიცვალა ამ ორ თვეში ფუნდამენტალურად? არაფერი. მხოლოდ ლარის სწრაფმა გამყარებამ შექმნა ილუზია. სულ ერთი თვეა, რაც ლარი მყარდება და ჩათვალეს, რომ ყველა საფრთხემ გადაიარა. სტაბილიზება არის მყიფე. ლარის გამყარება ლოგიკურია. საერთაშორისო პრაქტიკით, ანალოგიური სავალუტო კრიზისებიდან გამოსვლა იწყება დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ. ეს ნაცნობი სცენარია. ნელ-ნელა იწყებს ექსპორტი ზრდას, საფონდო ბაზარი გამოცოცხლებას და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ამ ციკლის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. სიფრთხილეა საჭირო. მილიარდი დოლარით შემცირდა იმპორტი, ე.ი. შემცირდა დოლარზე მოთხოვნაც, რაც დიდწილად კურსის კორექტირების ეფექტია. ანუ უფრო მოთხოვნის შემცირება ამყარებს ლარს და არა უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდა. მცირეოდენი დადებითი ნიშნები ბოლო დროს შეიმჩნევა ექსპორტისა და გადმორიცხვების მხრივ. მთავარი დადებითი ფაქტორი ტურიზმია. შარშან 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა ამ დარგიდან. წელს მეტი იქნება თურქეთსა და ეგვიპტეში რუსი ტურისტების რუსეთის მთავრობის მიერ ამ ქვეყნებში შესვლის შეზღუდვის გამო. ინვესტიციური აქტივობაცაა შესასწავლი”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, რაც მთავარია, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ცუდ სიგნალს აძლევს მთავრობასაც და ნაცვლად მომჭირნე საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებისა, აიმედებს დეფიციტური ხარჯვის უვნებლობაში.

”ცოტა ხნის წინათ მთავრობა 300-400 მილიონი ლარის ოდენობის სეკვესტრზე ლაპარაკობდა, ახლა კი თურმე ფულის მასის ზრდა ყოფილა საჭირო და არა მისი მკაცრი კონტროლი. ეკონომიკური ზრდის წახალისება ამ მდგომარეობაში დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის და სარისკოც. ჯერ სტაბილიზაცია-ფისკალური, მონეტარული და მერე ფიქრი წახალისებაზე, ესტონურ მოდელზე თუ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე. პირველი კვარტლის ბიუჯეტის ხარჯების გეგმა ვერ შესრულდა 7 პროცენტით, იგივე ხდება აპრილის თვეში და ეს ძველი სენი გრძელდება და ხარჯვის მთელი სიმძიმე ბოლო კვარტალზე გადავა. ხარჯებში ჩამორჩენაცაა ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი. ვერ აითვისებენ ფულს ინფრასტრუქტურაში, გადაისვრიან წლის ბოლოს ჯანდაცვაში. შარშან ასი მილიონი ლარით გაირღვა ამ სფეროს ბიუჯეტი, წელსაც იგივე პირი უჩანს. იმის თქმა მინდა, რომ ფული იყოს და ამთვისებელი გამოჩნდებაო. ეს ყველაფერი კი არჩევნების ბოლოს მოხდება და ახალ მთავრობას დაატყდება თავს. ამიტომ არის ბიუჯეტის გაჯანსაღება მნიშვნელოვანი. მერე უფრო უადვილდება ეროვნულ ბანკს თავის ინსტრუმენტებით მონეტარული პოლიტიკის გატარება”, - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე - რამდენად სწორია ის ცვლილებები, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებასა და ბანკების მიერ მოზიდული სახსრების დარეზერვების ცვლილებაში გამოიხატა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირება რომ მომხდარიყო, მას არ ექნებოდა არსებითი ეფექტი, ”მაგრამ როცა სერიოზული კორექტირება ხდება მოზიდული სახსრების „გაყინვის“ თუ „გალღობის“ მიმართულებით, აუცილებლადაა შესასწავლი და მკაცრად დასასაბუთებელი მისი მოსალოდნელი ეფექტი”.

”თუ ბანკები მოიზიდავენ ფიზიკური ან იურიდიული პირებიდან ანაბრებს, მისი 10 პროცენტი იყინება ეროვნულ ბანკში, ანუ ამცირებს მიმოქცევაში ლარის მოცულობას, რაც იწვევს კურსის გამყარებას და დაბალ ინფლაციას. ამ გადაწყვეტილებით მეტი ლარი გავა, ანუ მხოლოდ 7 პროცენტი გაიყინება. უფრო რთულადაა საქმე უცხოური ვალუტით მოზიდული თანხების დარეზერვების მხრივ. 15 პროცენტიანი ნორმატივი იცვლება 20 პროცენტით, ანუ ყოველი მიღებული დოლარიდან 20 ცენტი უნდა იყოს უმოძრაოდ - ვერ გასცემ სესხად და სხვა რამისთვის ვერ გამოიყენებ. ეს კომერციულ ბანკებს გაუძვირებს უცხოური ვალუტის მოზიდვის ხარჯებს, რაც ან სესხის საპროცენტო განაკვეთის ზრდაში აისახება, ან მეანაბრეებისთვის გასაცემი საპროცენტო თანხის შემცირებაში”, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ აღნიშნული დედოლარიზაციის მიზნით კეთდება, რომან გოცირიძის განცხადებით, დედოლარიზაცია მრავალწლიანი პროცესია და მას მხოლოდ ნორმატივის ცვლილებით ვერ მიაღწევ.

”უცხოური ვალუტის ლარში გადატანისათვის ამჟამად არ არსებობს არც ეკონომიკური და არც ფსიქოლოგიური დადებითი ფონი. კომერციულ ბანკებს დიდძალი რესურსები აქვთ მოზიდული უცხოეთიდან. ახლა, როცა უცხოური ვალუტის შიმშილია, ეს ნაბიჯი არ შეუწყობს ხელს ვალუტის შემოტანას, რაც უცხოური ინვესტიციების ტოლფასია. ის, რომ დიდი საგარეო ვალი (მათ შორის კომერციული სექტორი) არის პრობლემა, ეს ნათელია, მაგრამ ეროვნული ბანკის განცხადება, რომ ვალუტაში დარეზერვების ცვლილება ამ ვალის შეზღუდვას ემსახურება, ახლა ნამდვილად არ არის დროული. ვალს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება და დიდი ეკონომიკური ზრდა თუ შეამცირებს. ამ წუთას სულ სხვა ამოცანის წინაშე ვიმყოფებით: ვალუტის კურსის მოძრაობა პროგნოზირებად კორიდორში და ფასების სტაბილურობა. გრძელვადიანი მიზნები მხოლოდ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებით ვერ მიიღწევა. ორგანიზმმა მიიღო ღრმა ჭრილობა ლარის მკვეთრი ვარდნის გამო. მიდის შეხორცების, რეაბილიტაციის პროცესი და სახვევების ნაადრევად მოშორებამ შეიძლება ინფექცია შეგვყაროს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8-დან 7.5%-მდე შეამცირა. გარდა ამისა, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 10%-დან 7%-მდე შეამცირა, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე კი 15%-დან 20%-მდე გაზარდა.