ელექტრონული გადახდების პროდუქტების მზარდი გამოყენების შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტი 296 მილიარდი დოლარით გაიზარდა

ელექტრონული გადახდების პროდუქტების (საკრედიტო, სადებიტო და წინასწარი გადახდის ბარათების) მზარდი გამოყენების შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტი 296 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ „მუდი ანალიტიკსის“ 2016 წლის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც "ვიზა ინტერნეშენალმა" გამოაქვეყნა.

"ვიზა ინტერნეშენალის" მიერ გამოქვეყნებულ რეპორტში გაანალიზებულია ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკის ზრდაზე 70 ქვეყანაში 4-წლიან პერიოდზე (2011-2015):

”კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ელექტრონული გადახდების პროდუქტების (საკრედიტო, სადებიტო და წინასწარი გადახდის ბარათების) მზარდი გამოყენების შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 296 მილიარდი დოლარით, ხოლო სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარების დონე წელიწადში საშუალოდ - 0.18%-ით. ამასთან, „მუდის“ ანალიტიკური ცენტრის ეკონომისტების შეფასებით, ელექტრონული გადახდების ზრდის შედეგად, საშუალოდ წლიურად 2.6 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა საანალიზო 5 წლის განმავლობაში. კვლევაში მონაწილე 70 ქვეყანა გლობალური ჯდპ-ის თითქმის 95%-ს შეადგენს”, - აღნიშნულია რეპორტში.

ამავე რეპორტის მიხედვით, როგორც „მუდი ანალიტიკსის“ უფროსი ეკონომისტი მარკ ზანდი აცხადებს, ელექტრონული გადახდები მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ბაზრისთვის. მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ელ. ბარათების მზარდი მოხმარების დონე დაფიქსირდა, ასევე გაიზარდა ეკონომიკური ზრდის ინდექსიც.

ვიზა ინტერნეშენალის ინფორმაციით, კვლევის შედეგები გამოქვეყნდა რეპორტში “ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე.” დოკუმენტის მიხედვით, გადახდების ელექტრონიფიკაციამ სარგებელი მოუტანა მთავრობებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უფრო სტაბილური და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნაში. ამავდროულად, ელექტრონული გადახდების სისტემამ მინიმუმამდე დაიყვანა ჩრდილოვანი ეკონომიკა. შედეგად, ელექტრონულმა გადახდებმა შექმნა მაღალი საგადასახადო შემოსავლების საფუძველი მთავრობებისთვის. მან ასევე დამატებითი სარგებელი შექმნა მცირებიუჯეტიანი ნაღდი ანგარიშსწორების ხარჯებისთვის, უზრუნველყო გარანტია სავაჭრო სუბიექტებისთვის და მაღალი ფინანსური ჩართულობა მომხმარებლებისთვის.

„ვიზა ინტერნეშენალის“ მთავარი აღმარულებლის ჩარლი შარფის განცხადებით, კვლევის შედეგები ყველა იმ სარგებელს ცხადყოფს, რაც ელექტრონულ გადახდებს მოაქვს ადგილობრივი ეკონომიკებისთვის მსოფლიოში.

“ეს კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ სწორ საჯარო პოლიტიკას შეუძლია შექმნას ღია, კონკურენტუნარიანი საგადახდო გარემო, რაც ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას დადებითად წაადგება. კომპანია „ვიზა“ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, ფინანსური ინსტიტუტების, სავაჭრო სუბიექტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პარტნიორია, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს“, - აღნიშნავს ჩარლი შარფი.

თამარ კორკოტაშვილი