ევროკომისია მზად არის, თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვიდეს

ევროკომისია მზად არის, თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვიდეს. ამის შესახებ „ბიბისი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეკომპანიის ცნობით, ევროკომისია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გამოვა.

უვიზო რეჟიმის მისაღებად თურქეთმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს. როგორც წესი, ევროკავშირი ქვეყნისგან სიტყვის თავისუფლების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და უმცირესობების უფლებების დაცვას მოითხოვს.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თურქეთი აღნიშნულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

უვიზო რეჟიმის დაწესება ანკარასა და ბრიუსელს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომლის თანახმად, შენგენის ზონაში თურქეთის მოქალაქეები ვიზის გარეშე მგზავრობას იმ პირობით შეძლებენ, თუ თურქეთი ევროკავშირიდან მიგრანტებს მიიღებს.