კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდება

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდება.

როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარია.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში (48 თვის ვადაში) განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

აუქციონი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა.

”ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიას აღნიშნული აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს. პარტიის წევრების მტკიცებით, ტერიტორიის შეძენა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს.

აღნიშნულის საპროტესტოდ ”ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებთან ერთად აქციის გამართვას გეგმავს.