რა საფრთხეები იმალება საბანკო ხელშეკრულებებში

საქართველოში ფინანსური განათლების დონე დაბალია. ამაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებიც ნათლად მოწმობს. მოქალაქეების ფინანსური განათლების დონის რეიტინგში, საქართველო, მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 96-ე პოზიციაზეა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "სტანდარტ ენ პუარსის" ანგარიშის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 30% არის ფინანსურად განათლებული. რეიტინგის თანახმად, საქართველოში რისკის დივერსიფიკაცია, სწორად ესმის მხოლოდ გამოკითხულთა 22%-ს, არასწორად კი - 31%-ს. ინფლაცია სწორად ესმის გამოკითხულთა 66%-ს. არასწორად - 12%-ს, ხოლო პროცენტი - სწორად ესმის 54%-ს, რთული პროცენტი კი - 32%-ს. ფინანსური განათლების დონის მსოფლიო რეიტინგის პირველ სამეულში - ნორვეგია, დანია და შვედეთი არიან. ბოლო საფეხურებზე კი ავღანეთი, ალბანეთი და იემენია.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, Smart Campaing-ის და Bank-able Frotier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კლიენტთა ურთიერთობის პერიოდში მწვავე საკითხები გამოიკვეთა, თუმცა, მსგავსი პრობლემები არსებობს ყველა სახის საკრედიტო ინსტიტუტში, მათ შორის ბანკებში.

კერძოდ, კლიენტს ბოლომდე არ აქვს გააზრებული სესხის ვადები და პირობები. მართალია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა 97%-ს მიღებული აქვს ვალის დაფარვის გრაფიკი, მაგრამ მომხმარებელთა 28%-მა არ იცის თავისი სესხის საპროცენტო განაკვეთი, 22%-ი კი ვერ იხსენებს საერთო ჯამში რამდენი გადაიხადა სესხის დასაფარად.

მომხმარებელთა ფინანსური განათლების დაბალი დონით კარგად სარგებლობენ საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი კლიენტებს კაბალურ ხელშეკრულებებზე აწერინებენ ხელს. სამწუხაროდ, საქართველოში ხელშეკრულების კითხვის კულტურაც დაბალია. ანუ, ადამიანები ისე იღებენ სესხებს, რომ არ ეცნობიან საკრედიტო თუ სადებეტო ხელშეკრულებებს, რაც ხშირად სავალალო შედეგებით მთავრდება.

აი, მაგალითად, რა მუხლებია იმ საბანკო ხელშეკრულებებში, რომელსაც უმეტესობა ქართველი მომხმარებლებისა წაუკითხავად აწერს ხელს.

"ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად:

* შეცვალოს საბანკო პროდუქტის მოცულობა;

* გაზარდოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობები არაუმეტეს არსებული განაკვეთის L ოდენობით;

* შეცვალოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში;

* დაადგინოს ხელშეკრულებით ან/და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საბანკო პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომისიოს ტიპები ან/და მათი განაკვეთების ოდენობა" - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკის განვადების ხელშეკრულებიდან (კონკრეტული ბანკების დასახელება მნიშვნელობას კარგავს, რადგან ბანკების სრულ უმრავლესობას მსგავსი ტიპის ან უფრო მძიმე მუხლები უდევთ ხელშეკრულებაში).

"ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:

* შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით; ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ

* შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურების გაწევა;

* ბანკს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვისცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით", - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ხელშეკრულებიდან.

ანუ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად გაგიზარდოთ უკვე აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი; მოგთხოვოთ სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება; გაზარდოს საკომისიოები თუ პირგასამტეხლოები; შეგიცვალოთ ნებისმიერი პირობა, რომლითაც ეს სესხი იქნა აღებული მხოლოდ მისი სურვილის მიხედვით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.

ამასთან ზოგიერთ საკრედიტო ხელშეკრულებაში შეხვდებით ისეთ მუხლებსაც, რომლების თანახმადაც თქვენ, კლიენტი თავად აცხადებთ უარს ბანკიდან მიიღოთ ინფორმაცია სესხის პირობების ცვლილების შესახებ. მაგალითად:

* "კლიენტი თანახმაა ბანკმა არ მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილებების (მათ შორის კლიენტისთვის სასარგებლო ან/და ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებების) შესახებ", - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ხელშეკრულებიდან.

გარდა იმისა, რომ ხელშეკრულებით ბანკებს უფლება ეძლევათ ნებისმიერ დროს მათი შეხედულებისამებრ შეცვალონ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, ამასთან მათ ასევე ეძლევათ უფლება არც კი ჩააყენონ კლიენტი ამ ცვლილებების საქმის კურსში.

როგორც წესი ბანკები აფრთხილებენ კლიენტებს კრედიტების გაძვირების შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი კეთილი ნებაა და ხელშეკრულებით ხშირ შემთხვევაში ამის ვალდებულებაც არ აქვთ.

თუ თქვენი სესხი უცხოურ ვალუტაში გაქვთ, მაშინ ხელშეკრულებაში შეიძლება შეხვდეთ ისეთ მუხლებსაც, რომლის საშუალებით ბანკებს უფლება აქვთ ლარის გამყარების შემთხვევაში (როდესაც ლარში შენატანები იკლებს, რაც კლიენტისთვის მომგებიანია) გაგიზარდონ სესხის საპოცენტო განაკვეთი, ხოლო ლარის გაუფასურების შემთხვევაში (როდესაც ლარში ყოველთვიური შენატანები იზრდება, რაც კლიენტისთვის წამგებიანია) უბრალოდ დამატებითი სარგებელი მიიღონ და ამ პირობებში თქვენს კრედიტზე საპროცენტო განაკვეთის კლებას არავინ გადახედავს.

ხშირად ბანკები აცხადებენ, რომ ისინი სესხებს გასცემენ, ანუ საკუთარ ფულს კრედიტში გაძლევენ, შესაბამისად მათ უფლება აქვთ ხელშეკრულებით მოითხოვონ ის შესაძლებლობები და უფლებები, რაც მათ მოესურვებათ. რადგან კლიენტი იღებს საკრედიტო ორგანიზაციის ფინანსებს და ბანკს უფლება აქვს ნებისმიერი პირობები წაუყენოს თანხის გასესხებისას. თუმცა საინტერესოა, რომ ბანკში ანაბრის განთავსების დროსაც, როდესაც ეს პროცესი საპირისპიროდ მოქმედებს, კლიენტები კვლავ კაბალურ ხელშეკრულებებს აწერენ ხელს. ანუ, მომხმარებელია ამ შემთხვევაში გამსესხებელი და ბანკი მსესხებელი. საკრედიტო ინსტიტუტების ლოგიკით კრედიტორმა უნდა მიიღოს მსესხებელთან მიმართებაში ნებისმიერი უფლებები. თუმცა, საქართველოში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. როგორც გასესხებისას ისე სესხებისას ბანკებს იმ ხელშეკრულებით, რასაც კლიენტებთან აფორმებენ, ეძლევათ უამრავი კაბალური უფლება, მაშინ, როცა კლიენტები უხეშად რომ ვთქვათ, უუფლებოდ რჩებიან. აი, მაგალითად:

* ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი ან/და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მეთოდი, რის შესახებაც ბანკი, მეანაბრის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ფილიალებისა და სერვისცენტრების ოფისებში ან ინტერნეტ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით", - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკის საანაბრე ხელშეკრულებიდან.

ანუ, კიდევ ერთხელ მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება კლიენტმა გახსნას ბანკში ანაბარი წლიურ 12%-ად და ორ თვეში ბანკმა სარგებელი შეამციროს 8%-მდე, საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ამის შესახებ ინფორმაცია კი საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსოს, ყველა ბანკის კლიენტი ხომ ყოველდღიურად ეცნობა საკუთარი საკრედიტო ინსტიტუტების ვებ-გვერდს...

ასე რომ, ვიკითხოთ ხელშეკრულებები, რათა მეტად ვიყოთ ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება მომავალში თავს დაგვატყდეს. მოითხოვეთ ბანკებისგან ამოიღონ ხელშეკრულებიდან ის მუხლები რომლებიც თვლით, რომ კაბალურია და მომავალში ფინანსური ზიანის მომტანი შეიძლება იყოს თქვენთვის. შეიძლება საკრედიტო ხელშეკრულებებთან მიმართებაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწიოთ, თუმცა როცა საქმე ანაბარს ეხება, აქ თქვენი, კლიენტის პირობებით უნდა მიდიოდეს თამაში და არა ბანკის. ნუ მივცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ჩვენი დაუდევრობით თუ უყურადღებობით ისარგებლონ და ამით მოგება მიიღონ.

მერაბ ჯანიაშვილი

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია"

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"