დღეიდან PALITRANEWS-ის ეთერში ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ გავა

დღეს PALITRANEWS-ის ეთერში ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ გავა.

გადაცემას სახელწოდებით ”360 გრადუსი” გიორგი მიქანაძე წაიყვანს. თოქ-შოუ მოიცავს დღის აქტუალურ თემებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებს.

ერთსაათიანი თოქ-შოუ პირდაპირ ეთერში ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 21:00 საათზე გავა. ეთერში მოწვეული სტუმრები გადაცემის მთავარი თემის შესახებ ისაუბრებენ. პროექტი ჟურნალისტის ჩართვას, ასევე ახალი ამბების კოლაჟსაც ითვალისწინებს.

გადაცემის ავტორები მაყურებლებს ახალ მიდგომებს, შეულამაზებელ რეალობას, მიუკერძოებელ პოზიციებს და განსხვავებული რაკურსით დანახულ თემებს შესთავაზებენ.

”360 გრადუსი - ანუ ვცდილობთ, ყველა კუთხიდან, ყველა ჭრილიდან შევხედოთ მოვლენებს. შევეცდებით, ჩვენს გადაცემაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იყოს. მეც მაქსიმალურად მონდომებული ვიქნები, რომ ჩემი შესაძლებლობების და გამოცდილების ფარგლებში თემა ანალიტიკურად გაიშალოს. სხვათა შორის, ეს ფუფუნება ქართულ მედია სივრცეში მაინცდამაინც არ არის, რომ ანალიტიკური თოქ-შოუები იყოს. მართალია თოქ-შოუები არის, მაგრამ იქ ანალიტიკის ნაწილი ნაკლებადაა. უფრო ცხელ-ცხელ ამბებზე ვართ ორიენტირებული, ვეცდებით ცხელი ამბებიც გვქონდეს, თუმცა მთავარი თემა იქნება ანალიტიკა, სხვადასხვა აქტუალური თემების გაშლა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევა და განხილვა 360 გრადუსით”, - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა გიორგი მიქანაძემ.

გიორგი მიქანაძე პროფესიით ეკონომისტია, უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი და ასისტენტ-პროფესორი. ტელესივრცეში ის ახალი სახეა.