”ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 29 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებული აუქციონის დასრულებას თბილისის მერიასთან დაელოდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებული აუქციონის დასრულებას დღეს თბილისის მერიასთან დაელოდებიან.

როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, დღეს დასრულდება აუქციონი და თბილისელებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ იყიდება ტერიტორია, სადაც საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა უნდა გასულიყო. აბესაძის თქმით, გზის მშენებლობისთვის მოიჭრა 528 ხე, დაიხარჯა ასეულობით ათასი ლარი ბიუჯეტიდან და ეს ყველაფერი აღმოჩნდა გაფლანგული.

„ეს ყველაფერი აღმოჩნდა გაფლანგული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოინდომა ამ ტერიტორიის შესყიდვა და მერია გააგდო ამ ტერიტორიიდან. მათ სხვაგან უბრძანა გზის მშენებლობა. მერია უსიტყვოდ ემორჩილება. ეს არის დანაშაულებრივი ქმედება და ამიტომ როგორც საზოგადოებრივი პროტესტით, ისე სამართლებრივი გზით, სასამართლოს და პროკურატურის მეშვეობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ჩინოვნიკმა, რომელიც ამ უკანონობას სჩადის და ერთი ადამიანის ნებას ემორჩილება, პასუხი აგოს და ასევე თავად ივანიშვილმა, რომელიც ასე იტაცებს ხალხის ქონებას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, ისინი აუქციონის დასრულებამდე, დაახლოებით 16:30 საათზე მივლენ თბილისის მერიასთან და დააკვირდებიან აუქციონის დასრულებას.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩინოვნიკებს ეყოფათ ჭკუა და დანაშაულებრივ ქმედებას შეწყვეტენ, ან ივანიშვილს ეყოფა ჭკუა და უარს იტყვის ხალხის ქონების მიტაცებაზე“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.