საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ მოიმატა და 223-ს მიაღწია

საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ მოიმატა, - ამის შესახებ “საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც იგი საყოველთაო აღწერის შედეგებს გამოეხმაურა.

მისივე ინფორმაციით, თუ 2002 წელს ასეთი სოფლების რაოდენობა 162 იყო, დღევანდელი მონაცემებით 223 სოფელია გაუკაცრიელებული. ასევე იკლო ხალხმრავალი სოფლების რაოდენობამაც.

„ხალხმრავალი სოფელი, სადაც 5000-ზე მეტი პირი ცხოვრობდა, იყო 28, ხოლო დღევანდელი მონაცემებით ასეთი 12 სოფელია. ამ 12 სოფელში შედის წეროვანი და ლტოლვილებით ჩასახლებული სოფლებიც, რომელთა ზრდაც არა ბუნებრივი მატებით მოხდა, არამედ შიდა მიგრაციით“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ასევე მომატებულია იმ სოფლების რაოდენობა, სადაც 1-დან 5 კაცამდე ცხოვრობს, ასეთი სოფლები 2002 წლის მონაცემით 74 იყო, ხოლო დღეს 157 სოფელია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე