თურქეთი ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს

თურქეთი ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

„როიტერის“ ცნობით, თურქეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროპა თურქეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს. თურქეთის ამ გადაწყვეტილების ფარგლებში სავიზო რეჟიმის გაუქმება დაგეგმილია კვიპროსის მოქალაქეებისთვისაც.

„თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კვიპროსს ვაღიარებთ. თუ ევროკავშირი გააუქმებს სავიზო რეჟიმს თურქეთის მოქალაქეებისთვის, ჩვენც გავაუქმებთ მსგავს რეჟიმს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა თურქეთის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირის წევრი ქვეყნის - კვიპროსის აღიარებაზე ანკარას უარია. კვიპროსის კუნძული წლებია ორადაა გაყოფილი, ერთ ნაწილს ანკარა აღიარებს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მეორე კი საერთაშორისოდ აღიარებული რესპუბლიკაა.