„ნაცმოძრაობის“ წევრები 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ აუქციონს მერიასთან დამონტაჟებულ ეკრანზე აკვირდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ აუქციონს თბილისის მერიასთან დამონტაჟებულ ეკრანზე აკვირდებიან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ განაცხადა, ისინი 17:00 საათამდე დაელოდებიან აუქციონის შედეგებს, გასხვისების შემთხვევაში კი აქტიურ ქმედებებზე გადავლენ.

„ჩვენ ბოლო წუთამდე გვჯერა, რომ მერია არ გაყიდის სახელმწიფო საკუთრებას კერძო პირის სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა, მაშინ ჩვენ ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ და მოვიფიქრებთ სამოქმედო გეგმას. სავარაუდოდ, ხვალიდან გასხვისების შემთხვევაში გაიმართება მასშტაბური აქციები“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.

თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიერ დამონტაჟებული არის მონიტორი, სადაც აუქციონის მიმდინარეობას აკვირდებიან.

რაც შეეხება თბილისის მერიაში შესასვლელს, იქ მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები და ასევე თბილისის მერიის დაცვის სამსახური. მათ მერიის შესასვლელი რკინის კონსტრუქციებით აქვთ შემოსაზღვრული.

29 ჰექტარ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული აუქციონი, რომელიც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთს ეხება, ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება. აუქციონი 17:00 საათზე უნდა დასრულდეს.