კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ, ”თანაინვესტირების ფონდმა” შეიძინა

კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ, ”თანაინვესტირების ფონდმა” შეიძინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დღეს 19:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონში” პრესკონფერენციას გამართავს.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.

აუქციონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში (48 თვის ვადაში) განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერს აღნიშნული აუქციონის შეჩერებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორიის შეძენა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები აუქციონის დასრულებას თბილისის მერიასთან ელოდებიან.