ირაკლი აბესაძე - თუ ივანიშვილს სურდა საპიკნიკე ადგილის მოწყობა, ლანდშაფტურ სივრცეში და სარეკრეაციო ზონაში შეეძლო გაეკეთებინა

საზოგადოების აბუჩად აგდებაა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი” საუბრობს, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მათ საპიკნიკე ადგილები და ველობილიკები უნდა გააკეთონ , - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ, ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს სარეკრეაციო ზონის მოწყობა სურდა, ამის გაკეთება საჯარო სივრცეში შეეძლო. ”საზოგადოების აბუჩად აგდებაა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი” საუბრობს, რომ მათ იქ უნდა გააკეთონ საპიკნიკე ადგილები და ველობილიკები. საპიკნიკე ადგილი და ველობილიკი არ კეთდება კერძო საკუთრებაში, ის კეთდება საჯარო სივრცეში. ასე რომ, თუ ივანიშვილს სურდა საპიკნიკე ადგილის მოწყობა, ლანდშაფტურ სივრცეში და სარეკრეაციო ზონაში შეეძლო გაეკეთებინა”, - აღნიშნა აბესაძემ.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად ”თანაინვესტირების ფონდა” იყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო. აუქციონი, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.