ტურისტული ბიზნესის ახალი გამოწვევა - როგორ მოვიზიდოთ რუსი ტურისტები საქართველოში

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლა გააუქმა, ხოლო ეგვიპტის მიმართულებით ფრენები აკრძალა, ამ ქვეყნებში ჩასული რუსი ტურისტების ნაკადი ძალიან შემცირდა.

ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ნაკადი საქართველოსკენ წამოვა. ტურისტული კომპანია "ვულქერის" დირექტორი შალვა ციკოლია მიიჩნევს, რომ წლევანდელი ზაფხული ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია.

შალვა ციკოლია: "შარმ-ელ-შეიხში ძალიან ბევრი დიდი სასტუმრო იხურება იმის გამო, რომ რუსი ტურისტები ამ მშვენიერ კურორტზე აღარ ჩადიან. დანარჩენები კი, არაბ და უკრაინელ ტურისტებზე არიან დამოკიდებული და დაახლოებით 15%-იანი დატვირთვით მუშაობენ. ეს ბუნებრივიცაა: ეგვიპტის ამ კურორტზე ტურისტების 70-80 პროცენტს რუსები შეადგენდნენ. კიდევ უფრო რთული სიტუაციაა თურქეთში, რადგან რუსეთს ამ ქვეყანასთან სერიოზული უთანხმოება აქვს. ჩვენ შეგვიძლია ეს მდგომარეობა გამოვიყენოთ და ტურისტების დიდი ნაკადი საქართველოში მოვიზიდოთ. ეს არის შესანიშნავი შანსი და უნდა ვეცადოთ, რომ ის გამოვიყენოთ. მით უმეტეს, რომ გარდა ზღვისა, ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილები, რომლითაც შეიძლება ტურისტები დავაინტერესოთ. უცხოელები გაოცებული არიან როგორ შეიძლება ასეთ მცირე ტერიტორიაზე იყოს ზღვაც, მთაც, უდაბნოც და სრულიად განსხვავებული ადგილები, მაგრამ მათ მოსაზიდად აქტიური პიარკამპანიაა საჭირო".

შალვა ციკოლიას თქმით, მარტო ტურისტების შემოყვანა არ არის მთავარი. მთავარია, აქ შესაბამისი მომსახურება და ფასები დახვდეთ.

"როდესაც ტურისტი ჩამოდის, აქ ისეთი სიტუაცია უნდა დახვდეს, რომ მეორედაც დაბრუნდეს. ამაში ჩვენ სახელმწიფოს თანადგომა გვჭირდება. საჭიროა კონტროლი თუნდაც ფასებზე - საკვების ფასი არ უნდა იყოს ისე კატასტროფული, როგორც გახმაურებულ "კაზანტიპის" ფესტივალზე იყო, სადაც ხაჭაპური 15-16 ლარი ღირდა, 40-თეთრიანი წყალი 3-4 ლარი, ხინკალი კი - 2 ლარი და ა.შ... ტურისტები ამ ფასებით გაოცებულები იყვნენ, რამაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამაში მოსახლეობას ვერ დავადანაშაულებთ. მაგრამ თუ ტურისტული ბიზნესის განვითარება გვსურს, სტუმრებისთვის შესაბამისი გარემოც უნდა შევქმნათ. გარდა ამისა, ჩვენ არა გვაქვს იმდენად გამართული ინფრასტრუქტურა, რომ ტურისტთა დიდი ნაკადის მიღება და დაბინავება შევძლოთ", - აღნიშნავს შალვა ციკოლია.

ტურისტული კომპანია "ტიფლის თრეველის" ხელმძღვანელი თამაზ ჩიტაიშვილიც ფიქრობს, რომ ტურისტების დიდ ნაკადს შესაფერის სერვისს ვერ დავახვედრებთ.

"მეც ვიცი, რომ რუსი ტურისტები აპირებენ საქართველოში წამოსვლას, მაგრამ ეს ის რაოდენობა არ იქნება, რაც შარმ-ელ-შეიხში მიდიოდა. საქართველო მათ მაინც ვერ შესთავაზებს ისეთ სიტუაციას, როგორიც რუსებს შარმ-ელ-შეიხში, ან ანტალიაში ხვდებოდათ. ჩვენი სასტუმროები და სერვისი არ არის მზად იმისათვის, რომ ამ რაოდენობის ტურისტი მიიღოს და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თანაც, ჩვენთან სასტუმროების ფასიც ძალიან მაღალია. ერთი ადამიანი შარმ-ელ-შეიხში 500-600 დოლარად რომ დაისვენებს, ჩვენთან იმავე დონის დასვენება 1500-2000 დოლარამდე ჯდება. იქ კი, 500-600 დოლარში შედის ფრენა და სადილი სასტუმროში. 1500-2000 დოლარად საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში წავლენ და იქ დაისვენებენ, საქართველოში რატომ წამოვლენ?", - ამბობს "ტიფლის თრეველის" ხელმძღვანელი.

ტურისტული სააგენტოს დირექტორის აზრით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ სასტუმროებმა თავიანთ მომსახურებას რეალური ფასები დაადონ და ტურისტებს ნორმალური სერვისი შესთავაზონ.

"თუ კარგი სერვისი არ დახვდებათ, საერთოდ აღარ გამოიხედავენ საქართველოსკენ. სხვათა შორის, ჩამოდიან რუსი ტუროპერატორები, მაგრამ აქაურ ფასებს რომ ვეუბნებით, ხალხის ჩამოყვანისგან თავს იკავებენ. რასაკვირველია, შარმ-ელ-შეიხს ჩვენ ვერ შევედრებით, რადგან იქ სასტუმროები რაოდენობაზე მუშაობენ. თანაც, იქ ზღვის სეზონი მთელი წელი გრძელდება, ჩვენთან კი 3-4 თვის განმავლობაში და სასტუმროს მეპატრონეებს ამ რამდენიმე თვეში უნდათ მთელი თანხის ამოღება, ამიტომ მომსახურებას ძალიან მაღალ ფასებს ადებენ. შარმ-ელ-შეიხში და თურქეთში თითქმის ყველა სასტუმროს თავისი აუზი აქვს, ვინც ზღვაში არ ჩადის, აუზში ბანაობს. ჩვენთან კი, დააწერენ სასტუმროს 5-ვარსკვლავიანს და იმის მესამედი პირობებიც არა აქვთ, რაც უნდა ჰქონდეთ. ფასები და სერვისი - ეს ჩვენი ტურისტული ბიზნესის ყველაზე სუსტი წერტილია", - აღნიშნავს თამაზ ჩიტაიშვილი.

მისი თქმით, წელს ჩვენთან რუსი ტურისტების 5-10% წამოვა, მაგრამ თუ კარგ სერვისს არ დავახვედრებთ, შემდეგ სეზონებზე აქ აღარ ჩამოვლენ.

"მით უმეტეს, არის ინფორმაცია, რომ რუსებისთვის ეგვიპტე შეიძლება გაიხსნას. თანაც, არის შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეები ჩვენ გვიკავშირდებიან და ჩვენი მეშვეობით ყიდულობენ საგზურებს ეგვიპტის კურორტებზე. ტურისტული კომპანიები სასტუმროს ფასებზე ვართ დამოკიდებული, სასტუმროები კი, ტურისტებს ძალიან მაღალ ფასს სთავაზობენ. ხომ შეიძლება უკეთესი სერვისი შესთავაზონ, ან - ბოლოს და ბოლოს, კლიენტთან მოპყრობა და ღიმილი მაინც ისწავლონ?" - აცხადებს თამაზ ჩიტაიშვილი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

"ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და თუ სასტუმროს შემოსავალი არ ექნება, დაიხურება. თუ ნომრები მაღალ ფასად იყიდება, რატომ უნდა გაყიდონ იაფად? არც იმას ვეთანხმები, რომ ქართულ სასტუმროებში მომსახურების დონე დაბალია. უფრო მეტიც, ეს უსაფუძვლო ბრალდებებია. ხშირად თვითონ კლიენტებმა არ იციან, როგორ მოექცნენ სასტუმროს პერსონალს. უცხოელი ტურისტები მათ გულისხმიერად და თბილად ექცევიან, ქართველები კი ხშირად უხეშად მიმართავენ მომსახურე პერსონალს და ისინიც ასევე პასუხობენ. ამიტომ, ჩვენს მომსახურებას უცხოელები კი არა, ადგილობრივი ტურისტები უფრო ხშირად უჩივიან. რა თქმა უნდა, სერვისით შარმ-ელ-შეიხს ვერ შევედრებით, რადგან იქ ყველაზე პატარა სასტუმრო 600-ნომრიანია და 600 ნომრიან სასტუმროს იგივე დანახარჯი აქვს, რაც 100-ნომრიანს. აღარაფერს ვამბობ მიზერულ გადასახადებზე, რადგან ამ თემაზე პრესასთან ბევრჯერ მისაუბრია. შარმ-ელ-შეიხში ადამიანი ერთი კვირით ისვენებს და ამ ფასში შედის ფრენაც. ჩვენც თანახმა ვართ ერთი ადამიანი 500 დოლარად დავასვენოთ. ამას ნებისმიერი სასტუმრო შეძლებს, მაგრამ ფრენა ჩვენს აეროპორტებში ძალიან ძვირია. სწორედ ამიტომ, ტურისტების მოსაზიდად, ბულგარეთმა 100%-ით დააფინანსა ფრენები რუსეთიდან, ხორვატიამ კი, რუს ტურისტებს ფრენა 50%-ით დაუფინანსა. ამის წყალობით, ამ ქვეყნებმა ტურისტების საკმაოდ დიდი მასა უკვე წაიყვანეს. ბუნებრივია, ტურისტი ყოველთვის შეღავათიან ფასებს ირჩევს. ამიტომ, ტურისტულ სექტორში სახელმწიფო სუბსიდიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს."

ხათუნა ჩიგოგიძე