მსოფლიოში სურსათი ძვირდება, რა ელის ქართულ ბაზარს?

მსოფლიოში ძირითად სასურსათო პოდუქტებზე ფასი გაძვირებისკენ დაიძრა, ამიტომაც ლარის გამყარება სამომხმარებლო პროდუქტებს ვერ აიაფებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორები კურსის კიდევ უფრო მეტად დასტაბილურებას ელოდებიან. ამასობაში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაბალი ინფლაცია დააფიქსირა. აღმოჩნდა, რომ სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე მთავარი გავლენა სამედიცინო აპარატურის გაიაფებას მოუხდენია.

შარშან, დოლარის გამყარების გამო, საერთაშორისო ბირჟებზე ძირითადი სასურსათო პროდექტების ფასი მკვეთრად შემცირდა და ინფლაციის ზრდა გარკვეულწილად დამუხრუჭდა. ამჟამად პროცესი საპირისპიროდ შეიცვალა - დოლარი სუსტდება, ბირჟებზე კი პოდუქტი ძვირდება.

აპრილის დასაწყისში, ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ბუშელი (27,2 კგ) ხორბლის ფასი 5 დოლარამდე გაიზარდა, თვის ბოლოს რამდენიმედღიანი ფასთაკლება აღინიშნა, მაგრამ ბოლო დღეებში ვექტორი ისევ გაძვირებისკენ არის მიმართული. ასევე მკვეთრად იმატებს ბრინჯის ღირებულება, თუ აპრილის შუაში მისი ფასი 9,8 დოლარის ფარგლებში იყო (100 ფუნტის, ანუ 45 კგ-ის), ახლა 11 დოლარს გადაცდა.

თვეზე მეტია, ძვირდება შაქარი. აპრილის ბოლოს ამ პროდუქტის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს, 468 დოლარს (1 ტონა) მიუახლოვდა. ყავის ფასი დაბალ ნიშნულზე დგას - 120,1 დოლარი, მაგრამ კატასტროფულად ძვირდება კაკაო. ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკაოს ღირებულებამ 3217 დოლარს (1 ტონა) მიაღწია მაშინ, როდესაც აპრილის დასაწყისში 2857 დოლარს არ აღემატებოდა.

მოსახლეობისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი შაქარი, პური და ზეთია. ზეთის ფასი ჯერჯერობით არ იცვლება. შაქარისა და ხორბლის ფასი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაძვირებისკენ არის მიმართული. უცხოელი ანალიტიკოსების ვარაუდით, ხორბალი კიდევ გაძვირდება, ვინაიდან მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებში წლეულს მოსავალი შემცირდა.

უკვე ცნობილია, რომ ამ სეზონზე თურქეთში 2,5 მილიონი ტონით ნაკლები მოსავალი იქნება. ქვეყანა 17 მილიონ ტონა ხორბალს ელოდება (შარშან: 19,5 მილიონი ტონა). ამიტომ თურქეთში იმპორტის კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებენ. თურქეთი რუსული ხორბლის ძირითადი იმპორტიორია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთს თურქეთთან ხორბალზე ვაჭრობის შეზღუდვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამასთან, შარშანდელთან შედარებით, მცირე ოდენობით მარცვლეულს ელოდებიან რუსეთში. ამ ქვეყანაში მოსავლის აღება ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება და ეს გახდება ფასების ფორმირების პირველი ინდიკატორი. საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის მოსავლის დეფიციტს ვარაუდობენ არგენტინასა და უკრაინაში. ყაზახეთსა და კანადაში ხორბლის აღება სექტემბერში იწყება. ამიტომ ჯერჯერობით ზუსტი პროგნოზი არ კეთდება, თუმცა ანალიტიკოსები ამ ქვეყნებშიც მოსავლის კლებას პროგნოზირებენ.

რაც შეეხება შაქარს, საერთაშორისო ბირჟებზე ფასმა ერთ თვეში 30%-ით, ხოლო ბოლო ნახევარ წელიწადში თითქმის 45%-ით მოიმატა. დღეის მდგომარეობით ბირჟებზე 1 ტონა შაქრის ყიდვა 463 დოლარადაა შესაძლებელი. ზუსტად 2 თვის წინ ეს მაჩვენებელი 368 დოლარს შეადგენდა. 2015 წლის აგვისტოდან მოყოლებული კი, პროდუქტი 130 დოლარით გაძვირდა.

რაც მთავარია, ტენდენცია გრძელდება და ის ადეკვატურ გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს. დღესდღეობით საქართველოს საბითუმო ბაზარზე 1 ტომარა შაქრის ფასი 75 ლარია. საქმე იქითკენ მიდის, რომ იგი 80-85 ლარამდეც შეიძლება გაძვირდეს.

შაქრის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია "ლუქსი 2004"-ის გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ფიქრობს, რომ ფასზე ერთადერთ სასიკეთო გავლენას ლარის კურსი მოახდენს. ეროვნული ვალუტის გამყარების შემთხვევაში, შესაძლოა, ამით პროდუქტის მასშტაბური გაძვირება თავიდან ავიცილოთ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო ბირჟებზე სასურსათო პროდუქტის ფასმა, ფაქტობრივად, გაიაფების ფსკერს მიაღწია. დოლარის შესუსტებამ კი მწარმოებლებს შესაძლებლობა მისცა, ძველ ნიშნულს დაუბრუნდნენ.

"დოლარის შესუსტების კვალდაკვალ საქონელი, რომელთა ფასი ბირჟებზე დგინდება - კაკაო, მარცვალი, შაქარი, ფქვილი - გაძვირებას იწყებს. ეს დამატებით პრობლემებს უქმნის სამომხმარებლო ბაზარს", - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ლარის გამყარება სამომხმარებლო ფასებზე გავლენას იმ შემთხვევაში ახდენს, თუ იმპორტს ვახორციელებთ ქვეყნებიდან, სადაც ანგარიშსწორებისთვის დოლარს იყენებენ.

"იმპორტი, ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან ხორციელდება. ამ დროს საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც მყარდება. ამიტომ ეს შეღავათი - ლარის დოლართან გამყარება - ფასებზე სათანადოდ ვერ აისახება. თუ ჩვენი ვალუტა ამერიკულ დოლართან უფრო მეტად გამყარდა, ვიდრე სავაჭრო პარტნიორების ვალუტები, მაშინ გარკვეულ პროდუქტების გაიაფება უნდა დაიწყოს, - ამბობს სოსო არჩვაძე, - იმპორტირებულ საქონელზე ძალიან ვართ დამოკიდებული. ამიტომ, რაც არ უნდა გაცვეთილი და ტრივიალური იყოს ეს ფრაზა, ადგილობრივი წარმოება უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ვალუტის გამყარება-გაუფასურება პროდუქტის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ვეღარ მოახდენს".

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის აპრილში ინფლაციის დონე მარტთან შედარებით 0,6 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 3,2 პროცენტი შეადგინა.

2010 წელთან შედარებით კი სამომხმარებო ფასების ინდექსი 17,0 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემებით, აპრილში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0,7 პროცენტით გაიაფდა. აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო სეზონური პროდუქტის გაიაფებით - რძე, ყველი (-6,0 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-2,2 პროცენტი).

ყველაზე მეტად კი წინა თვეში ჯანმრთელობის დაცვა გაიაფებულა (1,9 პოცენტით). ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო პოდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფებზე (-7,2 პროცენტი). მხოლო 1,6 პროცენტით გაძვირდა სასმელები და თამბაქო.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"