ირლანდიელი ბიზნესმენები რუსთავის მეტალურგიული სფეროთი დაინტერესდნენ

რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საქართველო-ირლანდიის სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს გიორგი ფეიქრიშვილსა და ირლანდიელ ბიზნესმენებს შეხვდნენ.

შეხვედრას ბიზნესმენები და რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საქმიან შეხვედრაზე მხარეებმა ირლანდია- საქართველოს შორის ბიზნესპარტნიორობის გაღმავებაზე იმსჯელეს და სამომავლო პერსპექტივებიც დასახეს. ირლანდიელი ბიზნესმენები რუსთავში ვიზიტისას განსაკუთრებით მეტალურგიის სფეროთი დაინტერესდნენ.

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წევრებსა და ბიზნესმენებს, ქალაქის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და კონკრეტული სფეროთი დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა.

,,დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ირლანდიელ ბიზნესმენებს რუსთავის ეკონომიკური და ბიზნეს პოტენციალი გავაცანით, ისინი გარკვეული სფეროებით დაინტერესდნენ. ჩვენ მზად ვართ ურთიერთთანამშრომლობისათვის და ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა საწყისი იქნება იმისათვის, რომ რუსთავში უცხოური ინვესტიციები ჩაიდოს და ახალი საწარმოები გაიხსნას“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

საქართველო-ირლანდიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში,უცხოელი სტუმრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს ხვდებიან.