საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის 5-დან 6%-მდე შემცირება იგეგმება

დღევანდელი მონაცემებით, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, წინა კვირას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც გაცხადდა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროება არ არის.

”ნელ-ნელა ვიწყებთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირდება, თუმცა შემცირების სიჩქარე დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, რომელიც ინფლაციის მოლოდინებსა და მომავალ ინფლაციაზე გავლენას ახდენეს”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო პასუხი ინფლაციის გაზრდილ მოლოდინებზე.

”იქედან გამომდინარე, რომ ინფლაციის მოლოდინები მცირდება, აღარ არის საჭირო ასე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ამას ვამცირებთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საპროგნოზო ინფლაციაზე დაყრდნობით”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 27 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე შეამცირა.