ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული ბანკი, EBRD-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისა და ინსტრუმენტების განვითარებაა. ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად სომხეთის, ყირგიზეთისა და მონღოლეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ფორუმზე, რომლის მთავარი მიზანი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესებაა, მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის მაგალითზე განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია ინფლაციის თარგეთირების მქონე ცენტრალურ ბანკს, პატარა ღია ეკონომიკაში გაუმკლავდეს საგარეო შოკებს. ისაუბრებენ მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებისა და კომუნიკაციის პოლიტიკაზე. მონღოლეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების მაგალითებზე კი განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

“საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მისი ძირითადი ამოცანების, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფლაციის სწორი მოლოდინები, რაც დაეხმარებათ მათ გრძელვადიან ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენი მიზანია, კომუნიკაციის არსებული არხების განვითარება და ახალი გზების დანერგვა. დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც მაღალი რანგის სპეციალისტები უძღვებიან, სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

სებ-ის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ასევე დაესწრებიან ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელსაც ეროვნული ბანკი რეგულარულად ატარებს და სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, მაისის თვის ინფლაციის მიმოხილვასთან დაკავშირებით პრეზენტაციას წარადგენენ.

ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად არიან საკონსულტაციო კომპანია OGResearch და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).

საერთაშორისო ფორუმი დღეს დაიწყო და 6 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.