2015 წელს ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა, ყალბი დოლარების კი, 13.2%-ით გაიზარდა

2015 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა, ყალბი დოლარების კი 13.2%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის ანგარიშში.

”2015 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა 17.6%-ით, ყალბი აშშ დოლარების რაოდენობა გაიზარდა 13.2%-ით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა - 31.6%-ით გაიზარდა. აგრეთვე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 1.5-ჯერ”, - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება 50 თეთრის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობას, სებ-ის ანგარიშის თანახმად, ის წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 1.7-ჯერ, ხოლო 1 ლარის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა 4.5-ჯერ შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 2015 წლის ანგარიში ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე