აპრილში პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება ირმა ინაშვილის ”პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო

მიმდინარე წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულების სახით, ჯამში, 604 747 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 268 500 ლარი ”საქართველოს პარტრიოტთა ალიანსს” ერიცხება.

შემოწირულების კუთხით, 149 020 ლარით მეორე ადგილი უჭირავს ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”, მესამე კი - 124 000 ლარით ახალ პოლიტიკურ ცენტრ ”გირჩს”.

სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 46 939 ლარი, ”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 9 000 ლარი, ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 3 173 ლარი, ”თავისუფალი საქართველო” – 1 364 ლარი, ”საქართველოს რესპუბლიკური პარტია” – 1 131 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 900 ლარი, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” – 600 ლარი და ”საქართველოს კონსერვატიული პარტია” – 120 ლარი.

აღსანიშნავია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ყველაზე მსხვილი შემომწირველი მისივე წევრი მანუჩარ მაჩაიძეა. საკრებულოს წევრმა პარტიას აპრილში 60 000 ლარი შესწირა.