საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის ღონისძიებები ტარდება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება გრძელდება.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, FAO-ს მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკანის ბაზაზე სასწავლო ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერთიფიცირების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სარგავი მასალების ლაბორატორიული კვლევის საკითხებში. ტრენინგი მიზნად ისახავს სარგავი მასალის ლაბორატორიული ანალიზის, ხარისხის განსაზღვრისა და სერთიფიცირების სრულყოფილი სისტემის შექმნას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში მეთესლეობის სექტორის გაუმჯობესებისა და თესლისა და სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვის სამუშაოებში.

სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში, FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს.