გივი კუბლაშვილი - კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის ცვლილების შემდეგ კიდევ 400-მდე ხე მოიჭრება

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის ცვლილების შემდეგ კიდევ 400-მდე ხე მოიჭრება, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს გზის მშენებლობის მიმდინარეობაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 50 ხის მოჭრაზეა ნებართვა გაცემული.

„გზის მიმართულების შეცვლის გამო კიდევ გაიჩეხება 400-მდე ხე, თუმცა პროექტის მიმდინარეობისას უფრო ზუსტად გვეცოდინება, ეს გულისხმობს როგორც ბუჩქოვან ნარგავებს, ასევე ხეებს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 50 ხის მოჭრაზეა გაცემული ნებართვა“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

როგორც მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გზის გეგმის შეცვლის შედეგად არ შეცვლილა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ძირითადი ნაწილი, ცვლილება შეეხო მხოლოდ გზის 1/3-ს.

„გზის ძირითადი კონტური არ შეცვლილა, არც მიმართულებებია შეცვლილი, მოხდა გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო 5 კილომეტრიდან 1/3-ს, ანუ დაახლოებით 2 კილომეტრამდე მონაკვეთს“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.