ოთარ დანელია უნგრეთის მთავრობის კომისარს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უნგრეთის მთავრობის კომისარს, დიულა ბუდაის შეხვდა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას საინვესტიციო მიმართულებით კიდევ უფრო მიმზიდველსა და პერსპექტიულს ხდის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული პროდუქციის ექსპორტის საერთო მოცულობის 36% ევროკავშირის ბაზარზე მოდის.

სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობის კომისარმა, დიულა ბუდაიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორცელების მიმართულებით დაინტერესება უნგრული კომპანიების მხრიდან უკვე არსებობს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნგრეთ-საქართველოს შორის აგრარული მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში გაიმართება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნოდარ კერესელიძემ უნგრელ სტუმრებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამიეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო პროცესი გააცნო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერებინა.