GWP - ჩვენი კომპანია შანტაჟს არ ექვემდებარება, შანტაჟით გადაწყვეტილებები არ მიიღება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი იმედა დვალიძე თბილისის აბანოების ბრალდებებს პასუხობს და მათ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. დვალიძემ კომპანიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ის ექვსი ტყუილი დაასახელა, რომლებზეც, მისი თქმით, აბანოების წარმომადგენლები აპელირებენ.

GWP-ის სამართლებრივმა კონსულტანტმა ასევე სასამართლო დავის მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა. დვალიძის თქმით, ცრუ ბრალდებებით აბანოების მეპატრონეთა წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოების, მათ შორის, მედიის, სასამართლოს და ხელისუფლების შეცდომაში შეყვანას.

”პირველი ტყუილი, რომელზეც აბანოების მეპატრონეთა წარმომადგენლები აპელირებენ, არის ის, რომ GWP მონოპოლისტია და ბოროტად სარგებლობს თავისი მდგომარეობით. ამის საპასუხოდ მინდა განვაცხადო, რომ კომპანია ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიაა, რომელიც სერვისის სპეფიციკურობიდან გამომდინარე ასეთი სახით არსებობს. კომპანიის საქმიანობას მკაცრად არეგულირებს კანონმდებლობა, სემეკი და ანტიმონოპოლიური რეგულაციები. ტყუილი ნომერი 2 - GWP ცდილობს ხელი შეუწყოს აბანოების ბიზნესის სხვების მიერ „ხელში ჩაგდებას“. ვაცხადებთ, რომ საქმე ეხება ბიზნესსუბიექტებს შორის არსებული დავალიანების გასტუმრების თაობაზე დავას. კომპანიის მოთხოვნები სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და კანონის აღსრულება არის მთავარი მოთხოვნა. ტყუილი ნომერი 3 - აბანოებს ტარიფი გაეზარდათ 2015 წლის თებერვლიდან. ესეც არის სიცრუე, რადგან ტარიფი არ გაზრდილა, პირიქით - შემცირდა. 90 თეთრის ნაცვლად, ახლა ტარიფი შეადგენს 85 თეთრს. აბანოების შემთხვევაში, საქმე ეხება აღრიცხვიანობის მოწესრიგებას. სწორედ ამის საფუძველზე, 2015 წლის თებერვლიდან გაიზარდა მოცულობა და არა - ტარიფი”, - განაცხადა იმედა დვალიძემ.

GWP-ის სამართლებრივი კონსულტანტი ასევე სიცრუეს უწოდებს, აბანოების მეპატრონეთა წარმომადგენლების იმ განცხადებასაც, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადი აბანოების ბიზნესს წამგებიანს ხდის.

”საშუალოდ, აბანოები გადაიხდიან თვეში 5000 ლარს კომპანიის მომსახურებაში და გამოდის, რომ ეს დამატებითი 5000 ლარი „ანგრევს“ მთელ ბიზნესმოდელს? დაახლოებით იგივე მოცულობის გადასახადს იხდიან აბანოები გოგირდის წყლებში, ელექტროენერგიის მოხმარებასა და სხვა სერვისებში. მხოლოდ GWP-ის გადასახადი რატომ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, ან მხოლოდ GWP-იმ რატომ უნდა გაითვალისწინოს აბანოების ბიზნესინტერესები და არა სერვისების სხვა მიმწოდებლებმა? მორიგი ტყუილია განცხადება, რომ აბანოები იხდიან გადასახადს მაშინაც, როდესაც არ მუშაობენ. აბანოების ბიზნესი 24-საათიან მომსახურებაზეა გათვლილი. თუ ისინი რესურსებს ვერ იყენებენ 100%-იანი დატვირთვით, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესრისკი, რომელიც დამახასიათებელია აბანოებისთვის. GWP -იც 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფს აბანოებს და წევს შესაბამის ხარჯებს. ტყუილი ნომერი 6 - დაგროვილი დავალიანების გადახდა გააკოტრებს აბანოებს და ისინი დაიკეტებიან! ამის პასუხად ვაცხადებთ, რომ GWP სთავაზობს აბანოებს რესტრუქტურიზაციის გეგმას და მზად არის მოლაპარაკებისთვის! ჩვენი ინტერესი არსებული პრობლემის მოგვარებაა”, - განაცხადა დვალიძემ.

GWP-ის სამართლებრივი კონსულტანტის განმარტებით, ცივილიზებული ურთიერთობები ითვალისწინებს ან გულისხმობს, რომ გოგირდის აბანოების მესაკუთრეები, ან უნდა შეეგუონ არსებულ ვითარებას, მიიღონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კეთილი ნება და დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე სამსჯელოდ განეწყონ, ან საკუთარი არგუმენტებით უნდა წარსდგნენ სასამართლოში.

”ყველა სხვა შემთხვევა, იქნება ეს საპროტესტო აქციები აბანოების მომსახურე პერსონალის ფონზე, აბანოების დახურვის მუქარა თუ სხვა, ბუნებრივია, არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის მცდელობა. ჩვენი კომპანია კი შანტაჟს არ ექვემდებარება, შანტაჟით გადაწყვეტილებები არ მიიღება. სიმართლე ერთია, ის ცხადია და ის არ არის გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მხარეზე. სწორედ, ამიტომაც გაურბის მას უარგუმენტო ოპონენტი მხარე და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, - განაცხადა ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიულმა მრჩეველმა, იმედა დვალიძემ.