„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 164 საწარმო დაფინანსდა

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მთავრობის სხდომაზე დღეს კიდევ სამ პროექტს განიხილავენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი არის მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული პროექტი, რომელსაც სოფელ მარტყოფში განახორციელებს კომპანია „მარტყოფის ბაგა“ და კომპანიის მხრიდან 2,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული. მეორე არის დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატი, სადაც მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული და მესამე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემა, სადაც გათვალისწინებულია მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობა და დაახლოებით 200 ათას ლარამდე ინვესტიციაა გათვალისწინებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროექტების დაფინანსებას. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე