ხულოში კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ტარდება

ხულოში კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ტარდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ხულოს გამგეობის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში გამოვლინდა დაავადება, რომელიც კარტოფილის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად აზიანებს. ჩატარებული კვლევის შედეგად ნიადაგში აღმოჩნდა ე.წ.კარტოფილის კიბო, რომელიც კარტოფილზე მძიმე მავნებლური თვისებებითა და გამძლეობითაა ცნობილი.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა რეზისტენტული თვისებებით გამორჩეული კარტოფილის ჯიშების მოძიება და მათი ადგილობრივ მოსახლეობაზე გავრცელება.

ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევის პირველი ფაზა, რის მიხედვითაც ხულოს მუნიცპალიტეტის 3 სოფელში არსებულ საცდელ ნაკვეთებზე კარტოფილის 13 სხვადასხვა რეზისტენტული ჯიშები და კლონები დაითესა. დაავადება გამძლე ჯიშებს შორის არის კარტოფილის ელიტური ჯიშები: მარფონა, მარაბელი, მესხური, აგრია, მესხური წითელი და ჯავახეთური. საცდელ ნაკვეთებზე ადგილობრივ ჯიშებთან ერთად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის 3 კლონი (21, 22, 24) და ჰოლანდიური ჯიშები: სილვანა, ფაბულა და ფარიდა დაითესა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2016 წლის შემოდგომაზე დათესილი მოსავლის აღება და შემდგომ მისი ლაბორატორიული კვლევა მოხდება. კვლევითი ცენტრის - მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ხიდეშელის განმარტებით, ახლო მომავალში დათესილი კარტოფილიდან „კარტოფილის კიბოზე“ რეზისტენტული და ადგილორივ პირობებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ჯიშები გამოვლინდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ახლო პერიოდში სათესლე კარტოფილის ადგილობრივ ფერმერებზე გადაცემა მოხდება.