ე.წ. "მწვანე ქვეყნების" ინდექსში საქართველო 111-ე პოზიციაზეა

ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსში (Environmental Performance Index, EPI) საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე პოზიციაზეა.

იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მიერ წარდგენილი ინდექსის ავტორები 9 ფაქტორით ხელმძღვანელობენ, მათ შორის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, წყლის რესურსებისა და ტყის მასივის ზონები, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ჰაერის ხარისხი, ქვეყნის წყლის რესურსების მდგომარეობა, ბუნებისა და გარემოს სანიტარული ნორმები და ასე შემდეგ.

ინდექსის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქვეყნად ფინეთი დასახელდა, რომელსაც ისლანდია, შვედეთი, დანია და სლოვენია მოსდევს.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანი 31-ე, სომხეთი -37-ე, უკრაინა 44-ე, თურქეთი 99-ე, რუსეთი კი 32-ე პოზიციაზეა.

ინდექსის ბოლო საფეხურებზე სომალი, ერითრეა, მადაგასკარი და ნიგერი აღმოჩნდნენ.

EPI-ის თანახმად, მსოფლიოში სიკვდილიანობის მეტი მაჩვენებელი დაბინძურებულ ჰაერზე მოდის და არა - დაბინძურებულ წყალზე.

„მსოფლიოს მცხოვრებთა 3,5 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი საშიშროებაა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან ერთად, განახევრდა და 550 მილიონს მიაღწია იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვისაც სუფთა წყალზე წვდომა არ აქვს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე