გიგლა აგულაშვილი - EPI-ის ინდექსის მაჩვენებლის გაუმჯობესების პოტენციალი გვაქვს

რა დაფინანსებაცაა გარემოსდაცვითი მიმართულებით, იმ თვალსაზრისით ცუდი შედეგი არ უნდა გვქონდეს, მითუმეტეს, რომ ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მაჩვენებლის გაუმჯობესების პოტენციალი გვაქვს , - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის (Environmental Performance Index, EPI) კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე პოზიციას იკავებს.

აგულაშვილის თქმით, რამდენიმე ინდიკატორში საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა რეიტინგზე ყველაზე ცუდი გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ჩამდინარე წყლების გაწმენდის ინდიკატორში საქართველოს აქვს 0 ქულა, რაც მინისტრის შეფასებით, გამოცემის ავტორთა ინფორმაციის არქონაზე უნდა მიუთითებდეს.

„მნიშვნელოვანი უკანდახევა ჩვენ გვაქვს ჩამდინარე წყლების გაწმენდის მაჩვენებლებში, სადაც 195-ე ადგილი გვიკავია და რა თქმა უნდა, ეს უკან გვწევს. დღეს არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ბუნებრივია, ეს შემდეგ აისახება ინდიკატორებში გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროცესს და როგორც თემატურ გარემოსდაცვით ინდექსს, ისე გარემოსდაცვით კომპონენტებს ვაქცევთ ყურადღებას. ჯამში შემიძლია გითხრათ, რომ რა დაფინანსებაც არსებობს გარემოსდაცვითი მიმართულებით, როგორი მოთხოვნაც არსებობს ბაზარზე, ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ უნდა გვქონდეს და მითუმეტეს, გვაქვს პოტენციალი ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული მონაცემები გვაძლევს თვითკმაყოფილების განცდას იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც თბილისში ჩამდინარე წყლების გაწმენდის მდგომარეობა რამდენად კრიტიკული შეიძლება იყოს“, - განაცხადა აგულაშვილმა.

რაც შეეხება ჰაერის ხარისხის ინდიკატორის გაუმჯობესების მიზეზს, აგულაშვილი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას ასახელებს.

ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსში (Environmental Performance Index, EPI) საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე პოზიციაზეა. იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მიერ წარდგენილი ინდექსის ავტორები 9 ფაქტორით ხელმძღვანელობენ, მათ შორის არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, წყლის რესურსებისა და ტყის მასივის ზონები, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ჰაერის ხარისხი, ქვეყნის წყლის რესურსების მდგომარეობა, ბუნებისა და გარემოს სანიტარული ნორმები და ა.შ.