დავით ნარმანია 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვაზე "როგორც ეკონომისტი რამე პრობლემას ვერ ხედავს"

ბოტანიკურ ბაღთან და 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა ბოტანიკურ ბაღთან და 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით. კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა მერის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილებები, ნარმანიამ უპასუხა, რომ გადაწყვეტილებები მიზნად ისახავდა იმას, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს აღნიშნული ტერიტორიები გარემოსდაცვითი ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით.

"აღნიშნული ქმედებების შედეგად დამატებითი სარგებელი თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა ნახა, რომელმაც გაცილებით უკეთესი ტერიტორია მიიღო, ვიდრე მის საკუთრებაში იყო და ძალიან მარტივად გაკეთდა წითელი ხაზების კორექტირების ინსტრუმენტის გამოყენებით, კანონმდებლობის სრული დაცვით ისევე, როგორც ინვესტორს შესაძლებლობა მიეცა განახორციელოს პროექტი, რომლითაც პირველ რიგში სარგებელს დედაქალაქი ნახავს. გაჩნდება დამატებითი ახალი ობიექტი, დამატებითი ადგილი ტურისტებისათვის და ეს ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც განვითარდება, რადგან გამწვანების კომპონენტსაც ითვალისწინებს", - განაცხადა ნარმანიამ.

აღნიშნულ ტერიტორიებზე განხორციელებულ არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია მერიას ედავება, ნარმანიამ განაცხადა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საერთო ჯამში სარგებელი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე გახარჯული თანხები.

"ასე, რომ, როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ", - აღნიშნა ნარმანიამ.