დავით ნარმანია - 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახის დასახმარებლად მერიაში შესაბამისი სამსახური მუშაობს

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახის დასახმარებლად მერიაში შესაბამისი სამსახური მუშაობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახის შესახებ, რომელმაც კომპენსაციის მიღების მიზნით სასამართლოს მიმართა. დავით ნარმანიას თქმით, იქ სადაც სამართლებრივი ნორმები საშუალებას აძლევდათ, ყველა დაზარალებულმა ოჯახმა მიიღო კომპენსაციები ბინების შესაძენად ან საცხოვრებელი სახლების რემონტისათვის.

„იქ სადაც სამართლებრივი ნორმები საშუალებას გვაძლევდა, ყველას დავეხმარეთ და შესაბამისად კომპენსაციები როგორც ბინების შესაძენად, ასევე საცხოვრებელი სახლების რემონტისათვის ყველა ოჯახმა მიიღო. ამ საკითხზე ჩვენი შესაბამისი სამსახური მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით სამართლებრივი საკითხები კიდევ მოსაგვარებელია და მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახი კომპენსაციას ითხოვს. მათ ამ მიზნით სასამართლოსაც მიმართეს, დღეს კი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი ტერიტორიები სხვის მფლობელობაში აღმოჩნდა, რის გამოც დაზარალებულებზე კომპენსაცია არ გაიცემა.