მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელები ჭარბად გამომუშავებულ ენერგიაში შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ

მომხმარებლებს, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს ფლობენ, საშუალება მიეცათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთონ ელექტროსისტემაში და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია გამანაწილებელ კომპანიებს მიაწოდონ.

სემეკის ინფორმაციით, აღნიშნულს ითვალისწინებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებული ცვლილებები.

როგორც სემეკში განმარტავენ, ცვლილებების მიხედვით, საცალო მომხმარებელს, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის ფლობს მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურს, შეუძლია გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოხმარებას - გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.

”თუ მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული, გამანაწილებელი კომპანიის ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტი იქნება გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა (ქსელში მიღებული ჭარბი ელექტროენერგია) აისახება მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით.

წლის ბოლო თვეს, ანგარიშწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს გადაუხადოს კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის საფასური, განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, კომისიამ განსაზღვრა მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის ცნება და ანგარიშსწორების წესი, რომელიც აბალანსებს ურთიერთობაში მონაწილე მხარეთა ინტერესებს, ემსახურება ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ფართოდ გავრცელებას საქართველოში.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოდგენს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.

ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური მიერთების ძაბვის საფეხურისა და მისაერთებელი სიმძლავრის შესაბამისად. ასევე, განისაზღვრა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადები.

”გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას. ელექტროენერგიის განაწილების ქსელთან მისაერთებელი მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2%-ს“, - აღნიშნულია „ელექტრონერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში,“ - ნათქვამია სემეკის ინფორმაციაში.