”დელტას” ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მაისის ბოლოს ამოქმედდება

კახეთში სეტყვის დროს სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები არ გაუსვრიათ. როგორც კომპანია ”დელტას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ გვარიშვილმა განაცხადა, წელს რადარები და მთლიანად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა მაისის ბოლოდან ამოქმედდება.

"გასული წელი იყო სატესტო წელი, ამიტომ ამ დროისთვის მთელი სისტემა გადატვირთვის რეჟიმში იმყოფება. ისევე, როგორც შარშან, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა სრული დატვირთვით წელსაც მაისის ბოლოდან ამუშავდება, რადგან წლის სწორედ ეს პერიოდია სეტყვასაშიში პერიოდი", - აღნიშნა გვარიშვილმა.

40 წუთიანმა სეტყვამ გურჯაანსა და ყვარელში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ველისციხესა და გავაზში. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, განადგურებულია მოსავლის თითქმის 80 პროცენტი. ადგილობრივი ხელისუფლება დასეტყვილ ტერიტორიას ამოწმებს და ზარალს ითვლის. წინასწარი მონაცემებით, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია.