არის თუ არა მზად ქართული სარესტორნო ბიზნესი თამბაქოს რეგულაციებისთვის?

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად, დასრულებულია და მალე შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ცვლილება ძალაში. კანონის ერთ-ერთი პუნქტი კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე აკრძალვების დაწესებას ეხება.

თამბაქოს კონტროლის კანონის მეათე მუხლის თანახმად, რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური მოსაწევი ადგილები. ამასთან, ასეთი ზონის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50%-ს. კანონში შესატანი ცვლილებათა პროექტი კი სრულიად კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, რესტორნებისა და კაფე-ბარების შენობებში თამბაქოს მოხმარებას და მოწევისთვის განკუთვნილი ადგილების არსებობას.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქართული სარესტორნო ბიზნესი მომავალი რეგულაციებისთვის მზადაა.

,,ამ კანონში ცვლილებების შეტანას მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრია ეწინააღმდეგება. ისინი სამასპინძლო ბიზნესის ენით საუბრობენ, რაც არასწორია. კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს რესტორნებსა და ბარებში მოწევის სრულად აკრძალვას. მომხმარებლების, ასევე სამასპინძლო ბიზნესის მხარდაჭერა სახეზეა, მთავრობის მხრიდან პოზიტიური განწყობაა, რეგულაციების დაწესება მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებში არ ჯდება“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

მისი თქმით,საქართველოში უკვე არის რამდენიმე კაფე-რესტორანი, სადაც მოწევა აკრძალულია. როგორც ბახტურიძე აცხადებს, დასაწყისში ეს ერთგვარი მარკეტინგული გათვლა იყო ამ კვების ობიექტების მხრიდან, რაც ამ კონკრეტული ბიზნესისთვის წარმატების საფუძველიც გახდა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ მთავრობა 31 მაისამდე არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და პარლამენტის დადგენილებით, ყველა დაწესებულებაში არ აიკრძალება მოწევა. ორგანიზაცია იმ პირებს დაასახელებს, რომლებიც მათი აზრით, თამბაქოს ინდუსტრიასთან გარიგებაში იმყოფებიან.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქართულმა სარესტორნო ბიზნესმა ევროპული მიდგომები უნდა გაითვალისწინოს. მისი ინფორმაციით, დღეს კვების ობიექტების უმრავლესობა ახალ რეგულაციებს ადაპტირებული გარემო-პირობებით ხვდება.

„მთელ მსოფლიოში არის გამოყოფილი ადგილები მწეველთა და არამწეველთათვის. ქართულ სარესტორნო ბიზნესს, განსაკუთრებით ახალ რესტორნებს შეუძლიათ ჰქონდეთ დარბაზი ორივე ტიპის მომხმარებელთათვის. სარესტორნო ბიზნესი რეგულაციებისთვის ემზადება. მათ ეს რესურსი აქვთ და გამოიყენებენ კიდეც“, - აცხადებს ქეთევან მელაძე.

,,საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. რესტორანში შესაძლებელია გამოიყოს გარკვეული ტერიტორია, სადაც არ მოწევენ, მაგრამ დასაფიქრებელია ის ფაქტი, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომელთა განწყობის შექმნაზეც ზრუნავს თითოეული რესტორანი. არ ვიცით, როგორ იმოქმედებს მათზე აკრძალვების დაწესება, მაგრამ თუ ამას ექნება მასშტაბური ხასიათი, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში“, -აღნიშნავს ,,ანტრე ბატონოს“ დირექტორი თამარ მაჭავარიანი.

თამბაქოს აქტიური მომხმარებელი ირაკლი მაისურაძე რესტორნებსა და კაფე-ბარებში მოწევის აკრძალვას არ ეთანხმება.

„ მთავრობამ ჩემი, როგორც თამბაქოს მომხმარებლის უფლებებიც უნდა დაიცვას. უმჯობესია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მანქანების გამონაბოლქვის შემცირებასა და კიდევ ბევრ სხვა პრობლემაზე იფიქრონ, რომელიც ადამიანთა ჯანმრთელობას გაცილებით რეალურ საფრთხეს უქმნის“, - აცხადებს ირაკლი მაისურაძე.

კიდევ ერთი მომხმდარებელი გიორგი მგელაძე კი აღნიშნავს, რომ კვების ობიექტებში დასავლური პრაქტიკის გათვალისწინება და მოწევის აკრძალვა, მისთვის მისაღებია, თუმცა პაბებში, კლუბებსა და კაფე-ბარებში, სადაც ადამიანები დასალევად და გასართობად მიდიან, მსგავსი შეზღუდვების დაწესება გაუმართლებელია.

ქრისტინე გამთენაძე