ახალი კორპუსები 60-80 წელზე მეტს ვერ გაძლებს

ახალი საცხოვრებელი კორპუსების საექსპლოატაციო ვადა, საშუალოდ, 60-80 წელია. მშენებლები ამ მაჩვენებელს გამოყენებული სამშენებლო მასალის ხარისხისა და კონსტრუქციული გათვალებით განსაზღვრავენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საექსპლუატაციო ვადა, როგორც ნორმა, კანონმდებლობაში გათვალისწინებული არ არის და სამშენებლო კომპანია ასეთი ვალდებულებისგან აბსოლუტურად თავისუფალია. რამდენად გაუძლებს შენობა დროს, არავინ იცის და ყველაფერი მშენებელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

როგორც სამშენებლო კომპანიებში განმარტავენ, უმაღლესი სტანდარტით აშენებული საცხოვრებელი კორპუსი 150-200 წელსაც გაუძლებს, თუმცა თანამედროვე ნაგებობების უმეტესობის საექსპლოატაციო ვადა ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. როგორც კომპანიებში აცხადებენ, მდგომარეობა საგანგაშო არ არის და არც ისე ცუდადაა საქმე, როგორიც გავრცელებული აზრია.

საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, 60-იან წლებში აშენებულ კორპუსებს, ე. წ. "ხრუშოვკებს" ვადა უკვე გასდით. "მოსკოვისა" და "ქალაქურის" სახელით ცნობილი საცხოვრებელი კორპუსები 80-წლიანი ვადით აშენდა და გარანტია რამდენიმე ათეული წელი კიდევ აქვთ.

საბჭოთა პერიოდის შემდეგ დრო საკმარისად გავიდა, სამშენებლო ტექნოლოგიები კიდევ უფრო განვითარდა. გააქტიურდნენ დეველოპერები, მაგრამ უცნობია, არსებობს თუ არა ქვეყანაში სამშენებლო ნორმა და რა ვალდებულებას მოიცავს.

კომპანია "აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელი, სამშენებლო სფეროს სპეციალისტი შოთა გუჯაბიძე განმარტავს, რომ უმაღლესი ხარისხით აშენებული მრავალსართულიანი კორპუსი, 150-200 წელსაც გაძლებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა სამშენებლო მასალაც გამოიყენება დღეს მშენებლობებში, ახალი ნაგებობის გარანტია 60-80 წელია.

"საექსპლოატაციო ვადა ზოგადად მასალების ხარისხიდან გამომდინარე იანგარიშება. თუმცა, როდესაც უკვე მერიის სამსახური იბარებს დასრულებულ პროექტს, ამ ვალდებულებას მშენებლისგან არ ითხოვს. საექსპლოატაციო ვადა, როგორც ნორმა, კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ნებისმიერმა მშენებელმა იცის, თუ რა გარანტიით აშენებს კორპუსს, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოყენებული მასალების ხარისხითა და კონსტრუქციული გათვალებით განვსაზღვროთ. როდესაც საცხოვრებელი კორპუსი უმაღლესი ხარისხის არმატურით და ბეტონით შენდება, შესაძლოა, ექსპლოატაციის ვადა 150-200 წლითაც განისაზღვროს, საშუალოდ კი, ახალი მშენებლობებისთვის ეს პერიოდი 60-80 წელია", - აცხადებს გუჯაბიძე.

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აზრს, რომ ახალი მშენებლობების უმეტესობა უხარისხოა და ვერ გაუძლებს დროს.

"ნორმალურად, სტანდარტის დაცვით აშენებულ არც ერთ საცხოვრებელ კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება. ვერც ერთი მშენებელი ასეთ რისკზე ვერ წავა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ ვაშენებთ ხარისხიანად, სტანდარტის ყველა პირობის დაცვით და ჩვენი მშენებლობა გაუძლებს დროს, შეიძლება 150 წელსაც", - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.

სამშენებლო კომპანიების ნაწილი თვლის, რომ საექსპლოატაციო ვადასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებაა საჭირო. ზოგიერთი დეველოპერი ეჭვობს, რომ მშენებლობაში დიდწილად უხარისხო მასალები გამოიყენება, რაც ახალი ნაგებობის მიმართ უნდობლობას აჩენს.

"საქართველოში საცხოვრებელი კორპუსების საექსპლოატაციო ვადა, საშუალოდ, 60-დან 80 წლამდეა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, 50 წელიც ვივარაუდოთ. ცხადია, ეს დამოკიდებულია მშენებლის კეთილსინდისიერებაზე. ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის და ძალიან ბევრი სცოდავს კიდევ. ცხადია, ეს არ ეხება რკინა-ბეტონს, რაც კორპუსის მდგრადობას განსაზღვრავს. სამაგიეროდ, ეკონომიის გაწევის მიზნით, შეიძლება დააკლონ სხვა მასალა, რომ შედარებით იაფად და მარტივად "გამოძვრნენ". ცხადია, ეს დამანგრეველ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ხარისხზე აუცილებლად აისახება. ჩემი აზრით, კორპუსის საექსპლოატაციო ვადა კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს. ამ მხრივ ცვლილება აუცილებელია", - ამბობს მალხაზ კოხრეიძე, "ბესტი ჯგუფის" დირექტორი.

შენობის გარანტიას, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სამშენებლო მასალასთან ერთად, საინჟინრო ქსელების მდგომარეობაც განსაზღვრავს. ასევე დიდ როლს ასრულებს "სოციალური" ფაქტორი, რა მიზეზითაც საბჭოთა პერიოდის შენობების ნაწილს (იგულისხმება ე. წ. "ხრუშოვკები") საექსპლოატაციო ვადა ამოეწურა.

არქიტექტორი, ურბანისტი გიგა ბათიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას სამშენებლო კომპანიების ნათქვამს ადასტურებს. მისი თქმით, ახალი მშენებლობების ხანგრძლივობის განატია რკინა-ბეტონის ხარისხზეა დამოკიდებული და საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს.

"რკინა-ბეტონი, როგორც წესი, 100 წელზე მეტხანს ძლებს. ამიტომ რეალობასთან ახლოს ვიქნებით, თუ თანამდეროვე მშენებლობების საგარანტიო ვადად 60-80 წელს მივიჩნევთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ კორპუსი მოვლილია და მშენებელს სტანდარტი დაცული აქვს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარანტს მხოლოდ სამშენებლო მასალა არ წარმოადგენს. დიდი მნიშვნელობა აქვს საინჟინრო ქსელების მდგომარეობას. თუ წყალსადენის მილი გაფუჭებულია, შეიძლება, მან ნიადაგი ჩარეცხოს, რაც შენობას მდგრადობას საფრთხეს უქმნის. საყურადღებოა აგრეთვე კორპუსის მდებარეობაც, როგორი "ჯდომა" აქვს და სხვა. სხვადასხვა ფაქტორია, რაც მშენებლობისას გასათვალისწინებელია.

მესამე მიზეზი, რამაც შეიძლება კორპუსის ხანგრძლივობაზე იმოქმედოს, სოციალური ფაქტორია, თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი მოთხოვნებს", - განმარტავს ბათიაშვილი და "სოციალური ფაქტორის" მაგალითად ე. წ. "ხრუშჩოვკები" მოჰყავს. ისინი, საქარხნო წარმოების შენობებია, რომლებიც უკვე სოციალურად ვარგისი აღარ არის.

"დღეს მთავარი ისაა, რომ ზოგიერთი შენობა სოციალურად ვარგისი აღარ არის და იმ კომფორტს აღარ იძლევა, რაც დღეს მცხოვრებ ადამიანს სჭირდება. ყველა ასეთი კორპუსი შესაცვლელია - ზოგი რეკონსტრუქციით და ზოგი ხელახლა აშენებით. პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ უნდა დაგეგმოს და სისტემა შექმნას. არც ერთი ბიზნესმენი არ გამოასახლებს ხალხს, რეკონსტრუციას არ ჩაუტარებს შენობას და ისევ უფასოდ არ შეასახლებს შიგ, ზღაპარია ეგ ყველაფერი.

ქალაქი ვალდებულია სპეციალური სამსახური ჰქონდეს, რომელიც მთელ საცხოვრებელ ფონდს რეგულარულად ჩაუტარებს გამოკვლევას. ხიდებს ხომ ამოწმებენ, რომ არ ჩაინგრეს, ასე უნდა ამოწმონ თითოეული სახლი. მთავარია, ზუსტად დადგინდეს და დიაგნოზი დაისვას, თუ სად არის დღესვე სამუშაოები ჩასატარებელი და სად არის დანგრევის და ახლის აშენების აუცილებლობა", - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

ურბანისტების ინფორმაციით, არსებობს საფირმო სტანდარტი რის შესაბამისადაც კომპანია თავად განსაზღვრავს მშენებლობის საექსპლოატაციო ვადას, რაც კანონმდებლობით არ რეგულირდება.

ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის თქმით, გარანტიის ვადა ოპტიმალურია, თუკი საცხოვრებელ კორპუსში ორი თაობა მაინც მშვიდად და გამართულად იცხოვრებს.

"საექსპლოატაციო ვადას ადრე კანონმდებლობა განსაზღვრავდა. ეს იყო სახელმწიფო ნორმატივი, რის გათვალისწინებაც მშენებელს მოეთხოვებოდა. ახლა არის საფირმო სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ შენობის ხანგრძლივობის გარანტს მშენებელი კომპანია განსაზღვრავს. ეს ვადა, მინიმუმ, 50 წელი უნდა იყოს, თუმცა რეალურად გაცილებით მეტია. ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, რაც საბოლოოდ კონკურენციაზე იმოქმედებს და მშენებლობის ხარისხს გააუმჯობესებს. კაცმა რომ თქვას, კორპუსში ორი თაობა მაინც უნდა ცხოვრობდეს მშვიდად და გამართულად. ეს შეიძლება იყოს, 65-70 წელი, რაც ოპტიმალური ვადაა", - აცხადებს ვარდოსანიძე.

როგორც ურბანისტი განმარტავს, სახლის ტექნიკურ მდგომარეობას მხოლოდ პროექტი არ განსაზღვრავს. დიდი მნიშვნელობა აქვს მშენებლობის, მასალის ხარისხს, გეოლოგიურ პრობლემას და სხვა კომპონენტებს, რისი გათვალისწინებაც მშენებელს მოეთხოვება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"