თბილისის ცენტრალურ ნაწილში K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა წესდება

ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

ნარმანიას ინფორმაციით, ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება სხვა უბნებს, დედაქალაქის მერის თქმით, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს განვითარების საშუალება მიეცეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება.

მისივე ინფორმაციით, ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), რაც იქნება კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.