,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე სამუშაოებს აწარმოებს

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ გარეცხვის სამუშაოებს აწარმოებს. როგორც ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, 9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

კომპანიის ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმური გარეცხვის სამუშაოებს აწარმოებს, მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა. სამუშაოების მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი და 3 დღის განმავლობაში ორთაჭალჰესი.

”გეგმური გარეცხვის სამუშაოების მიზანია, წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება. აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან”, - ნათქვამია განცხადებაში.