11 მაისს საქართველოს სავალუტო ფონდის მისია ეწვევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს 11 მაისს ეწვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

ნოდარ ხადური ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ორი მიმოხილვის დაუსრულებლობის ერთ-ერთი მიზეზი საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის საკითხი იყო.

”ჩვენ მომავალ კვირას ველოდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, მართლაც პროგრამა ჯერჯერობით არ არის დასრულებული და ამის ერთ-ერთი მიზეზი საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის საკითხი იყო, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის თემა, 23 მილიონი ევროა ის თანხა, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაზე, რომელსაც ველოდებით და მე იმედი მაქვს, რომ სავალუტო ფონდთან ძალიან კონსტრუქციულად გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას”, - განაცხადა ხადურმა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 11 მაისს ჩამოვა.

”საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო პროცესი გვექნება მათთან ერთად და მუშაობის პროცესში გაგაგებინებთ რა იქნება”, - განაცხადა ხადურმა.