EBRD-ის დაფინანსებით თბილისი 60 ავტობუსს აგვისტოში მიიღებს

EBRD-ის დახმარებითა და დაფინანსებით, თბილისი 60 ავტობუსს აგვისტოში მიიღებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასტუმრო ”რუმსში” განაცხადა, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სოლიდური ინვესტორი.

”2.6 მილიარდ ევროზე მეტია ინვესტირებული საქართველოში, მათ შორის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. საბანკო, ენერგეტიკული სფეროები, ასევე ინფრასტრუქტურა, ის სფეროები, რომელიც ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს” საქართველოში აინტერესებს. ამას ადასტურებს თუნდაც ის პროექტები, რომელიც ახლახან დამტკიცდა. ეს არის ცნობილი პროექტები, მათ შორის, “ნენსკრა ჰესის” პროექტი. ასევე EBRD-ის დახმარებითა და დაფინანსებით თბილისი მიიღებს ახალ ავტობუსებს. აგვისტოში ჩვენ ველოდებით 60 ავტობუსს. გარდა ამისა, ჩვენ მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტის განსახორციელებლად ვმუშაობთ”, - განაცხადა ხადურმა.