როგორ დაღუპა ესპანეთი ოქრომ

კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ესპანეთისკენ ოქროს ნიაღვარი მიედინა.

თავდაპირველად ეს ესპანეთის იმპერიის გაძლიერებას წაადგა, რომელიც მე-16 საუკუნის ბოლოსთვის ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

თუმცა იმავე მე-16 საუკუნეში დაიწყო მისი ეკონომიკური დაქვეითებაც. არცთუ მცირე როლი ამაში "მუქთა" ოქრომ და ვერცხლმა ითამაშა. ესპანეთის მმართველებმა შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსებაზე ზრუნვა შეწყვიტეს და მარჯნივ თუ მარცხნივ ფულის ფლანგვა დაიწყეს. მათ რამდენიმე ომიც გააჩაღეს, რადგან გვარიანად გაეზარდათ ამბიციები.

ხარჯების ზრდის მოთხოვნილებამ და ამერიკული კოლონიებიდან ოქროს მოდინების იმედად ყოფნამ, სახელმწიფო ვალის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. რაკი ხარჯები უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე შემოსავლები, ხარჯების დასაფარად გადასახადების გაზრდა გახდა საჭირო, რაც უარყოფითად აისახა წარმოებასა და ვაჭრობაზე.

მიმოქცევაში ოქროსა და ვერცხლის რაოდენობის გაზრდამ მათი გაუფასურება გამოიწვია. დაიწყო ინფლაცია (მე-16 საუკუნის განმავლობაში ფასები ესპანეთში 5-ჯერ გაიზარდა), რამაც ესპანეთის ვალების ზრდა დააჩქარა. ინფლაცია ქვეყნისთვის ახალი მოვლენა გახლდათ, ამიტომ მასთან ბრძოლაც არ იცოდნენ.

ქვეყნის შიგნით ფასების ზრდამ ესპანური საქონლის კონკურენტუნარიანობა გააუარსა. შედეგად, სამამულო წარმოება დაეცა. ესპანეთი იმპორტზე დამოკიდებული გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1607 წელს მეფე ფილიპე III-ს დროს ესპანეთი გაკოტრდა. ეკონომიკური პრობლემები თანდათან გადაიზარდა პოლიტიკურში და მე-17 საუკუნის ბოლოსთვის ქვეყანამ, ფაქტობრივად, ყველა კოლონია დაკარგა.

ბოლოს და ბოლოს, ვალებმა, უზარმაზარმა ადმინისტრაციულმა აპარატმა, წარმოების დაქვეითებამ და ინფლაციამ ის გამოიწვია, რომ ბურბონების ტახტზე ასვლის წინ (მე-18 საუკუნის დასაწყისში), მადრიდის სამეფო კარს საკუთარი თავის რჩენა აღარ შეეძლო.

დუდანა ზაქარაია